დარყაში
უნდა მოვყვე... დარყაში,სახლში სადაც ბაბუა ცხოვრობს,ზედა სართულის ერთი დიდი ოთახი წლების წინ მთლიანად გადატიხრეს და ამ კედლების შეერთებებში ჩემი ბავშვობის მოგონებებია მოტნეული. ჩემს გონებაში წამდაუწუმ გადის კადრებად მდინარიდან დაბრუნებული როგორ ავრბივარ სველი ფეხებით და ვაღებ ხის ძველ კარებს, ხის იატაკზე ნათითურებს ვამჩნევ და ერთ დიდ ოთახში ვიცვლი სველ ტანსაცმელს... უამრავ ლოგინს შორის ჩემი ბიძაშვილები დაფუსფუსებენ სურნელი მცემს იმ ოთახის, მარანის მხარეს კედელზე გაკიდებული ხალიჩის გაუგებრობა მაგონდება... ხალიჩის გვერდით კი თეთრი,ზუსტად კედლისფერი კარია, რომელიც,მგონია, თუ გავაღებ სხვა სამყაროში გამიყვანს გარედან მდინარისა და ჩიტების ხმა მესმის,მოშიებული ბებიაჩემის შემწვარი კარტოფილის სუნს ვგრძნობ და ქვემოთ ჩავრბივარ... ოთახში ჩუმად ვბრუნდები და ვპოულობ ჩემი დის "კოსმეტიჩკას",საიდანაც ტუჩის კონტურს ვიღებ და ვისვამ,თმა ჯერ კიდევ ნამიანი მაქვს და გრილი სიო მეც და ეზოში ვაშლის ხესაც ერთდროულად გვირხევს თმებს და ფოთლებს, ვაშლი ვარდება და მახსენდება- მერე ბებიაჩემი ამ ვაშლებს ღორებისთვის ამაბოჭინებს. ღამით ვარსკვლავები გვერდით მდგომი ჩემი დის ჭორფლებივით ახლოს ჩანს ცაზე, კიდევ ერთი ვარდება და მე და ნინი ერთად ვხუჭავთ თვალებს... აქ ყველა სურვილს ასრულებენ ცის მნათობები "ბრის"- ვუახლოვდები გარეთ შეკრებილ ჩემს მეგობრებს და ვიღაც ბიჭი გოგოს ლოყაზე ნაზად კოცნის... გვიანია და სანამ ბებია გამოვა,ჩვენით ვასწრებთ სახლში შეპარვას- აუბოჭავი ვაშლის ჯავრი რომ არ იყაროს ზამბარებიან საწოლზე ვარ წამოწოლილი,ტყის ხმა შემოდის და ჩვენს სიცილებს ერწყმის შორიდან... მერე ბებიას ნაბიჯების ხმა მესმის და... ეს რომ დააბრუნებდეს ახლა ბებიას,აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიხმაურებდით! 19 მარტი.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი