ვარსკვლავებმა რომ ვერ იხილეს…


ვარსკვლავებმა რომ ვერ იხილეს მიწა,ვერ იგრძნეს,ეგ უფრო სევდიანია თუ შენი ოცნებები რომ შერჩა ზეცას?

რუტინულობაში,
გაწამაწიაში,
მოუცლელობაში დაკარგე ყველაფერი ის,რაც თითო-თითო ჟანგბადის ნაწილაკს უშვებდა შენს ფილტვებამდე,
რაც გაგრძნობინებდა რომ სუნთქავ და ეს მარტო ერთი ცხოვრება გაგრძელდება

ჯერ კარგავ ხალხს,
მერე მოთმინებას,
ბოლოს იმედს რომ ამაზე ცუდი არაფერი დაგემართება.

შენ დიდი ხანია ვეღარ ამჩნევ,როგორ მოშორდი ყველაფერ ნამდვილს.

ავად ხარ 
და
ეს ვერ მიგიყვანს სიკვდილის ზღვარამდე,
შენს ავადმყოფობას სიცოცხლე იწვევს.


სახლიდან გასვლისას ზურგსუკან დედის მოდევნებული პირჯვარივით მინდა დაგიცვა ამ სამყაროსგან,
შენი სული ზედმეტად ლამაზია იმისთვის რომ ყოველდღიური ცხოვრების მტვერმა გააფერმკრთალოს.

წლების წინ დაიშალე და,ვარსკვლავივით,სწორედ ამას ამტკიცებს ახლა შენი სინათლე,შენი თვალების ბრწყინვალება.

ზღაპრული სიზმრიდან უეცარი გამოღვიძებასავით გადახვედი ბავშვობიდან ზრდასრულობაში,
ასეთზე არასდროს გიოცნებია,ასე არ გინდოდა,სხვანაირად გამოვიდა...
სავსე ხარ დაუბრუნებელი დღეების სიცარიელით.

ვერნაცხოვრები დღეების დანაკლისი მიღრღნის  შიგნეულს.

დღეს ავადმყოფი ბავშვის თვალებში ღმერთი გავლანდე...
გოლგოთაზე მიმავალი ღმერთი,
უადამიანოდ დარჩენილი ღმერთი,
დავიწყებული ღმერთი,
უარყოფილი ღმერთი,
ოცდაათ ვერცხლში გაცვლილი ღმერთი...

ღმერთი,რომელსაც 
ყველა რაღაცას ვთხოვთ,
რომელსაც ჩვენთვის არაფერი უთხოვია,
რომელსაც ჯვრის ოთხივე მხარეს ჩვენი წილი ცოდვა ავკიდეთ...

სახლში მყოფს,იმ ბავშვის გახსენებისას ჯანმრთელობა მაპატიე,უფალო...

მთვარის შუქივით ნათელია ზოგჯერ სიცოცხლე,მაგრამ მზის სითბო აკლია და ესაა ჩვენი სამუდამო სევდა...

15 აპრილი.2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი