მე რომ ვყვებოდი


მე რომ ვყვებოდი,
იმ სოფლის სახლში,
გადატიხრულ ზედა ოთახში,
ბოლოს,ბაბუა ესვენა მკვდარი…

მძიმედ ვიჯექი სავარძელში და ჩემს ბავშვობას ვაიძულებდი,
დიდხანს დარჩენილიყო ჩემს გონებაში,რომ როგორმე “ვიზიარებ” არ გამეგონა.

ვიხსენებდი შეერთებულ სავარძლებში ჩაწოლილ ბიძაშვილებს,
ზამბარიანი საწოლის ჭრაჭუნს და ჭიდან წყლის ამოღების ხმას…

მე რომ ვყვებოდი,
იმ სოფელში,
აღარაფერი დარჩა საჩემო…

სამუდამოდ გადაალაგეს პირველ სართულზე მეორე საწოლიც და 
მჭიდროდ გამოუკეტეს კარი ჩემს ბავშვობას.

ჭირისუფალში ჩუმად ვიჯექი და ამ ამბავს ვადარებდი სხვა ზაფხულების მოგონებებს,
ბოლოს ბაბუამ მაშინ მაწყენინა,გვიან ღამით გარეთ რომ არ გამიშვა და ეს მეგონა ყველაზე დიდი გულისტკენა…
მე რა ვიცოდი….

ჭიშკარი გავაღე და მოგონებებში ამ ჭიშკრიდან გასვლა ჩემმა პატარა მემ მომასწრო -ბებიამისთან აირბინა,თონეში პურებს ღიღინით რომ უკრავდა,
მერე მარნის უკან ღელეზე გადებულ ფიცარს გაუყვა-ბაბუამისის მოგროვილი მაყვლის საჭმელად

ადრე რამდენი რამ მქონია…

წარმოსახვას რომ გამოვეთიშე,პანაშვიდის სადილის თეფშებს გვერდით სამკუთხედად გაკეცილ სალფეთქებს ვულაგებდი

რაღაც მტკიოდა უსაშველოდ,
მომავალი დღეების სიცარიელეს ვგრძნობდი,
ამ სოფელში აღარ მინდოდა…

რა ზუსტი იყო გოლგოთა და სასაფლაოს აღმართი იმ დღეს,
როგორ წვალებით ავიარე,
სული მეკვროდა…

ადრე ამ სოფლის აღმართებში სიხარულის უჰაერობა მაცლიდა ძალას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი