მინდა ძველი დრო იყოს ახლა
მინდა ძველი დრო იყოს ახლა… სოფელში ვიყო,ჩემს დასთან ერთად,ბებიას კუშეტკაზე ვიჯდე და იყოს ღამე… მციოდეს და მწვანე ყვავილებიანი შალის ადიელა მიწიწკნიდეს ფეხებს,მაგრამ მათბობდეს. მინდა,ხმა მესმოდეს ჭრიჭინების და შორი ბავშვების. მინდა ძველი დრო იყოს ახლა და ვიყო სოფელში… სტადიონზე ჩავდიოდე და ანდროს ხარხარი მესმოდეს შორიდან, მესმოდეს როგორ ყვირის ყვირილა და ბრისლიმიაუ ვითამაშო გათენებამდე. შეუსვენებლად დავდიოდე ულამპიონო გზაზე და უშველებელა მთვარე ანათებდეს მთელს გზას,მთებს,ტყეებს… ვმღეროდე რამეს,თბილი სიო დაქროდეს მინდა და ვამოწმებდე წამდაუწუმ მაჯაზე საათს და სახლში მაინც გამუდმებით ვაგვიანებდე. ვიყო სოფელში და ის იყოს ისე,თითქოს, არავინ გარდაცვლილა და აი,ახლა შემოაღებს ბაბუა ჭიშკარს, ბებიაც მალე მოათავებს პომიდვრის აკვრას და ანდრო ათ წუთში გამოივლის,რომ ჩანჩქერზე ჩემი გამოშვება ვთხოვოთ ორივემ. მინდა ძველი დრო იყოს ახლა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი