არის ხოლმე,როცა,მოულოდნელად,


არის ხოლმე,როცა,მოულოდნელად,
რაღაც გრძნობა გამირბენს მთელს სხეულში,
გრძნობა იმისა,რომ რაღაც ძალიან კარგი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში,
ადრე,
შორ წარსულში,
ბებიასთან…

ნედლი ხის და შალის ადიელის სუნი მაქვს,განუწყვეტლივ,გონებაში…
ყველაზე რეალური მოგონებები ჩემი არსიდან,რომელიც წამდაუწუმ გადის კადრებად ჩემს თვალებში.

ჭრიჭინების ხმა,
ხმა თოკის,რომლითაც ჰამაკია დამაგრებული და აივნის ბოძს ედება,
კრესლოში მოგროვებული ძველი ტანსაცმლის ნაფლეთები,პომიდვრის ასაკრავად …
და მრგვალი მაგიდა,
მაგიდაზე ტოლჩით წყალი და ცოტა მარილი,
ჭის გვედით წითელი სმაროდინები და ჭილის ქუდი ჩემი დის თმებზე…

პატარა ბავშვივით,
ვერასდროს ვიაზრებ,
რა მოუვიდათ ბებიას და ბაბუას,
ან,უფროსებივით,
მე თვითონ ვატყუებ სალომეს,რომ ისინი სადღაც წავიდნენ და 
დაბრუნდებიან…
ბებო ჯერ კიდევ ცოცხალია,მახსოვს თვალები მისი,დაბერებული ხელები და მომჭკნარ ტუჩებზე გადასმული ვარდისფერი ტუჩსაცხის სევდა-მუდამ ახალგაზრდად ყოფნის…

საროჩკაში გამოწკეპილი მთასავით ბაბუაჩემის იუმორი მაგონდება და ახლაც,
როცა ამას ვწერ,
ისევ ვიცინი,
ასეთი იყო ბაბუა-ვერ იტირებდი მის გვერდით,
მაგიტომ ვერ წარმოვიდგენ,რომ ის ის კაცია,რომლის სამძიმარზეც ვტიროდით ყველა…


არის ხოლმე,როცა,
მოულოდნელად,ვეღარ ვუძლებ მათ არყოფნას და უსაშველო დარდი გამირბენს მთელს სხეულში,
დარდი იმისა,
რომ რაღაც ძალიან კარგი დღეები დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი