ბაბუას


შენი სიცოცხლისდროინდელ კადრებს ვიხსენებ ძალიან ხშირად…
მაშინ,ბოლოს,ყავას რომ ვსვამდით ერთად და მამიკოს ჟაკეტში ჩაცმული “უქარქაშო ხმლებს” კითხულობდი,
ნეტავ თუ მორჩი იმის წაკითხვას?!…

დედიკო რომ მუშაობდა და საჭმლის გაკეთება მე მომიწია,ის სუპი ,ნეტა,მართლა მოგეწონა თუ ჩემი წყენინება არ გინდოდა?! 
ნეტა ის თუ იცი,რომ შენი წასვლა უფრო მეწყინა…

ზაფხულები მახსენდება,მოფარებულში,ჩუმად ნაჩუქარი ფული,იმ პირობით,რომ არცერთ ჩემს ბიძაშვილს არ ვეტყოდი ამ ამბავს (იგივე პირობით მათაც რომ აძლევდი ფულს)

შენთან ერთად წვიმიან გზაზე მიმავალი,
წინ გაქცეული,პერიოდულად რომ ვჩერდებოდი და უკან მოვიხედავდი,გელოდებოდი და შენც მოდიოდი-ნელი ნაბიჯით…
ახლაც რომ გავჩერდე,ბაბუ? რომ დაგელოდო? 
მოდი,რა?!

მრგვალ მაგიდასთან,ტაბურეტკაზე მჯდარი,შენი ერთგული ჯაყვით ხელში,ხილს რომ იჭრიდი და,თუ ჩავივლიდი,წვერზე წამოცმულ ნაჭერს უხმოდ გამომიწვდიდი,
იმ ხილზე უფრო ტკბილი ყოფილა ყველა ის წუთი.

რა ტკბილად მახსოვს,ხვეულ თმაში რომ დამინახე და გაგიხარდა,მეც ხუჭუჭა ვიყავი,დამემსგავსეო…
ახლა,რამდენჯერაც ჩემს თმას ვხედავ,შენ მახსენდები.

ჯერ კიდევ პატარებს,შენი საჩვენებელი თითის სხვადასხვა ისტორიას რომ
გვიყვებოდი და გვაშინებდი,
მერე იმ თითით გვიღიტინებდი და შენც იცინოდი-გიხაროდა ჩვენი სიცილი

ყველას რომ უყვარდი…
შენს ძაღლსაც კი,მთელი დღეები,ჩვენს ეზოში დაგდებული შენი ხელთათმანის გვერდით ეძინა და შენს დაბრუნებას ელოდებოდა,
მერე როგორ გაუხარდი,
კუდის ქიცინით წამოგყვა სახლში…

მეც გელოდები,ბაბუ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი