საახალწლო


-ადექი,რა?! მამიკომ დარეკა,მოვედი და რაღაცეები ამომატანინეთო
-მოვდივარ…

რომელიღაც წელია,რომელიღაც,ოღონდ ეს წელი არა! ამ წელს ბებია სიზმრად თუ მოვა…

ახალი წელი ახლოსაა,ადრიანი დილაა ან გვიანი საღამო და მამაჩემს ორი დიდი “კლეჩატი” პარკი შემოაქვს ოთახში,ერთს ძირს ტოვებს-ეს ვალერისია,და მეორეს სამზარეულოს მაგიდაზე დგამს,წამში ვესევით ყველანი…

კლეჩატ პარკს ბებიას და ბაბუას სუნი აქვს და სიყვარულის,ახალი წლის წინა დღეების სუნი.

მამიკომ იცის,როგორც ჩაალაგა ბებიამ და იწყებს ამოლაგებას,რაღაცაში გახვეული ათობით ჩურჩხელა და ჩვენი მიგებებული მზერა- ამ ჩურჩხელებს ველოდებოდით…
რამდენიმე ქილა ჯონჯოლი,გოჭი,კარალიოკის ჩირი,ტყლაპი,ალბათ,ვაშლიც და რამდენიც ვართ-იმდენი სიყვარული ეტეოდა იმ კლეჩატის პარკში.


ბებია რომ წავიდა,მისი დანაკლისი რომ არ გვეგრძნო,ჩურჩხელები ბაბუამ ამოავლო იმ ზამთარს და გამოგვიგზავნა,რაღაცნაირად სევდიანი იყო ის ჩურჩხელები…


2025 წელია,ის წელი არა,ბებო და ბაბუ ცოცხლები რომ იყვნენ,2025 წელი! და დღეებს წურავს დეკემბრის თვე იანვარამდე …
განა ჩურჩხელის გამო ვწერე ამდენი…ჩურჩხელის დარდი სულაც არ მაქვს.

ზეგ მამიკო სოფელში მიდის,ბაბუას დაბადების დღეზე,
მერე ჩამოვა და არ დაგვირეკავს,
ამაზე ვდარდობ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი