რაა სიცოცხლე


რაა სიცოცხლე,
როცა ჩემში სიკვდილები ღამეს ათევენ!?
ან რაა სუნთქვა,
მიწა იჭერს ბაბუას ფილტვებს…
ძველი დღეების სიშორენი ძალას მართმევენ,
ჰო,ძირითადად,ოთახში ვარ-ვუყურებ ფილმებს.
უამინდობა მომერია,
დღეებს ვეღარ ვაწერ სათაურს,
ვუსმენ ქალაქის ხმაურებს და 
ელიავას ნამღერ “მეთაურს”…
აღარც ლექსების დასაწერად აღარ მცალია,
გაჩერებებთან მაღამდება,მუდამ ქარია…
ხშირად ვსვამ ყავას,უშაქროს და ვებრძვი ფორიაქს,
ვიხსენებ ჩემი ბებიის ხმას,ვწერ ისტორიას და 
ჩემს წარსულებს აწმყოებთან მუდამ ომი აქ.
ფინთი დღეების ავდარია ჩემი სამყარო,
მისმა სიავდრემ გაახუნა ჩემი დარები…
გადაალაგა სიყმაწვილემ ქვეშაგები და 
გულნატკენივით გაიხურა სახლის კარები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი