ვდარდობ,ვარსებობ…


შენ გელოდები,ყველა წუთი დარდისფერია,
რა მტკივნეული გახდა სოფელი…
შარშან რომ იყო,იმნაირი ამინდებია…
ვდარდობ,ვარსებობ,გიხსენებ და ისევ მოგელი…

ქარივით მიაქვს ყველაფერი დროს,რაც მიყვარდა,
წყალმა წაიღო ჩემი ყველა ნავთსაყუდელი…
აღარც ბებოა ახლომახლო,აღარც შენ ხარ და…
ვდარდობ,ვარსებობ,გიხსენებ და ისევ მოგელი.

გულგაწვრილებულ ღამისთევებს შემოვეჩვიე,
ზოგჯერ,ბავშვივით,მომეფერო-მინდა ძალიან…
ბაბუ,ხშირ სიცილს,რა ხანია,გადავეჩვიე…
ვდარდობ,გიხსენებ,მოგელი და გარეთ ქარია!

ბა,ჯერ თქვენამდე უხეიროდ ბევრი გზებია…
ჩემ და თქვენ შორის სამყაროა ძალიან დიდი,
გთხოვ,ჩამიკოცნე,(ვიცი,ნახე) ჩემი ბებია…
სანამ ამ გზებზე ფრთებმოჭრილი ჩიტივით ვივლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი