მამალი


- იცით, ქათმებო, რას გეტყვით,
მეტი რომ არ ვთქვა თავზედა,
ჩემი ბადალი, მითხარით,
ვინ არის ქვეყანაზედა?!

დავიარები ამაყად
და ვყივი მაღალხმიანი,
შიშის ზარსა ვცემ ყველასა
ვაჟკაცი დეზებიანი.

ლამაზიცა ვარ, ბიბილო
მიმიგავს წითელ ლალებსა,
კისერი კოხტად მიჭირავს
და ვაბრიალებ თვალებსა. -

ყიყლიყოს დასაძახებლად
გულიც კი აუყუნცულდა,
მაგრამ უეცრად პაწია
გოშია გამოცუნცულდა.

დაჰყეფა, შეკრთა მამალი,
როგორც გვრიტი და შოშია,
და შერცხვენილმა რაინდმა
მოჰკურცხლა საქათმეშია.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი