შემოდგომა


დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრიალესა
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა,
მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა, შეურყეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
აღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრიალე, ფრთამალი,
გარიჟრაჟ-განთიადისა
მემოციქულე მამალი,
დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი;
მოუძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
სხვა ფრინველებიც წავიდნენ
იმავ გზით, იმავ კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით - ბიჭებ-ქალითა,
ბუნების წესთან მოხდილნი
პირნათლად სრულის ვალითა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ
დანაღვლებულის თვალითა.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი