ჩიტი და ილა
პატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას, გაჰკურცხლა, გაიჯირითა; ბაღჩას მიმართა, რომ პირი ჩაიტკბარუნოს ხილითა. მწიფე ბალ-თუთას ღიღინით ჩაუნავარდა შუაში; ნახა იქ ჩიტი გაბმული ფრთა-კისრით ცხენის ძუაში. გამოხსნა გულისფანცქალით მალხაზი ჩიტი, ცქრიალა; ძაფი მოაბა ფეხზედა და მაღლა შეაფრთხიალა. ხან ძირს დაუშვა, ხან შესვა პაწია ხომანდულზედა; დაკოცნა, მიესათუთა და მიიხუტა გულზედა. გაუმასპინძლდა ხართუთით ბლის ტოტს აწვდიდა მთლიანად, მაგრამ რა ნახა მოწყენით, ჩიტს უთხრა ალერსიანად: „იქნება ნაღვლობ დედაზე? დედა მეც მიყვარს ძალიან... აქ მოსასვლელად, ვინ იცის, არც დრო აქვს, არცა სცალიან... აჰა, გაფრინდი ბინაზე, დედა შენ ნახე თავადა, თორემ დაგიწყებს ლოდინსა ჯავრით გახდება ავადა“. უთხრა და ფეხი გაუხსნა, ჩიტი აივსო ლხენითა; წავიდა, როგორც ნიავი, დედისკენ ჭიკჭიკ-სტვენითა. შორს გააყოლა ჩიორას თვალი პატარა ილიამ... მადლობა უთხრეს გულკეთილს როგორც მზემ, ისე დილამა.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი