ციგაობა


-ნატრობდით და აგისრულდათ
კიდეც გულის საწადელი;
თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს
შეირჩენდა მთა და ველი?!
აბა, ახლა გადიხედეთ
ეზოში და ბაღის წინა,
არემარე დათოვლილა
და რუებიც მთლად დაჰყინა!-
ასე უთხრა დედამ შვილებს
პავლეს, ზურაბს, ნინიასა...

გამოცვივდნენ და ციგაში
თავი უკრეს ფინიასა.
თოვლი, ბიჭო, ბიჭო თოვლი!
სიხარულით იძახიან,
არ დასდევენ მსუსხავ ყინვას,
იცინიან, მარდად ხტიან.
ხან ერთსა და ხან მეორეს
გააქვს თოვლში კოტრიალი;
არ ზოგავენ ფინიასაც,
დაიქანცა შესაბრალი.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი