მერცხალი


მერცხალო, მახარობელო
კეკლუცი გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!

შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო,
მალხაზო, ჭიკჭიკხმიანო,
გულის ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვიანო.

მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.

ოცნების ზღვაში შევცურავ,
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.

მივივლ-მოვივლი კიდეებს,
უკანვე მოვალ ფრენით,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებურის ენითა...

შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთიანო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
იქაც არ დამიგვიანო!	

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი