ნაბია და წკიპა
ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე ნაბიავ, მერე მაგას ვინა მალავს, ვინა ჩქმალავს! თუ მარეა, შენ კი ჩემზე ცოტა რამე მოგიპარავს?! -აბა როდის? -აი გუშინ, თუნდა ვკითხოთ, ეგე, ჯიბოს, შერცხვენილი ის გამოდგეს, ტყუილები ვინც ჩაჯიბოს! -რაო, რაო?! რადა ცრუობ, შე ბაბრიავ, შე ნაგაზა! ფელამუშის კოვზი ცხვირში დედამ მაშ ვის უთავაზა? -წიტებს ვლოკდი!-ჰოდა რადგან ვეღარაფრით დაგიოკა, მსუნაგსა და ავმუცელას ციცხვიც მიტომ გაგალოკა. -ბიჭო, მერე, განა ამას შენ ეძახი ქურდობასა?! შე მუდრეგო, აღარ გახსოვს: საწნახელში ყურძნობისა ტკბილის ნაცვლად ჩაფუნიდან ვინა ყლაპა ჩუმად დურდო? ვინ გათათხეს? მე თუ წკიპა? ავყიავ და მართლა ქურდო! -აბა როდის? აბა როდის? მტყუანს მოსტყდეს მართლა ენა; ცილს რომ მწამებ უნამუსოდ, ესეც შენა, ესეც შენა! ორ პაწია მებრძოლს შორის დატრიალდა ჩხუბის ჯარა; ტკბილ ღიმილით გაშველება ისევ ბებომ დააჩქარა: აიწია კაბის კალთა, ხელი ჯიბეს დაისწორა, ამოიღო წყვილი ვაშლი და ცალ-ცალკე გაუგორა.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი