მეფუნდუკე და დიდვაჭარი (იგავ-არაკი)


ბოლნისისა მთისა ძირსა, გზის გადასავალსა, ერთი კარგი ფუნდუკი აეშენათ, და მუნ ერთი მეფუნდუკე იდგა. ასეთი კაცი იყო, რომე, რაც მგზავრი გაიარდა, მას ღამეს სამადლოდ ასვის, აჭამის, ცხენის ქერი და ბზე მისცის, ფასი არ აიღის, და მეორეს დღეს გაისტუმრის.

ერთი დიდი ქარავანი მოვიდა და დადგა. კარგა დახვდა. მას ღამეს ასეთი თოვლი მოვიდა, მთა შეიკრა: ვეღარ გარდავიდა და ვეღარც გამობრუნდა. მას ზამთარს მას ფუნდუკში დარჩა. მან მეფუნდუკემ არა რა დაახარჯვინა, სულ კაცთათვის და აქლემთათვის თავისი ხარჯი მისცა.

გაიწყვნენ დიდვაჭარი და მეფუნდუკე, და ჰკითხა: შვილი გყავსო?

მეფუნდუკემ უთხრა: არა მყავსო. თურე არ უჩენდა, კეთროვანი იყო და ამ ჩემს სტუმარს არ ეზიზღოსო, და ჩემი ლხინი აღარ იამებაო. მუნამდინ შვილი კარში არ გამოუტევა, ვირე ვაჭარი არ წავიდა.

გაზაფხული მოვიდა, მთა გაიხსნა. ეს დიდვაჭარი წავიდა, დია მადლიერი იყო და ნაცვალს პასუხსაც სცდილობდა.

მერმე მეფუნდუკემ შვილი გამოუშვა.

შემოსწყრა შვილი და უთხრა: მე მაინც გძულვარ და აქეთგან წავალო.

გამოუდგა უკან ქარავანსა და მოეწია.

ჰკითხა დიდვაჭარმან: ვინ ხარო?

მან უთხრა: მეფუნდუკის შვილი ვარ. შენ ამაზე უშვილობა გითხრა, ნახვას მოინდომებს, გონჯია, აღარა იამება რაო. ახლა მეც შემოვსწყერ და წამოველ, წავალ სადმე, ან ვიშველებ და ან დავიკარგებიო.

მან დიდვაჭარმან ფიცი უთხრა: თუ რამ გეშველება, გიშველიო!

წაიყვანა და წავიდა.

მივიდა შინ. აქიმი მოაყვანინა, ვერა ღონე დაუდვა.

ერთმან აქიმმან უთხრა: ერთს კაცს რომე ერთის მეტი ვაჟი არა ჰყვანდეს, ორის წლისა იყოს, ლამაზი, კარგი. მამამან ნებით მისცეს, დაკლას, და მისი სისხლით შეიბღალოს, მით მორჩებაო!

დაღონდა. ამას ვინ მისცემდა? თურე მასვე ვაჭარსა ჰყვანდა ამისთანა ვაჟი, მის მეტი არა ჰყვანდა რა.

ასრე თქვა: თუ ეს ჩემი შვილი არ დავკლა, მაშ მამისა ამის ნაკეთარი რით გადავიხადო?

ცოლი სხვაგან გაიტყუა. დაკლა შვილი. სისხლით კეთროვანი შებღალა, და მაშინვე მას კაცს ხესავით ქერქი გასძვრა და მორჩა. მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა და ზეწარი წაჰხურა.

იქ იმ ვაჭრის ცოლს მუცელმან და ძუძუებმან ტკივილი და წვა დაუწყო, მოიჭრა. ქმარს უთხრა: ძუძუნი მეწვიან, მარტვილს თუ არა სჭირს რაო?

ქმარმან უთხრა: რა სჭირს, კარგად სძინავსო.

მივიდა, დედამ ძუძუ მისცა, მარტვილმან წოვა დაუწყო. ამოიყვანა კარგად მყოფი, დედას სიცილი და ფოფინი დაუწყო. ყელზე ოქროს სალტესავით აჩნდა რამე.

ქმარს დაუძახა: ეს რა არისო?

ქმარმან ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყოველი ყოფილი უთხრა.

შენ რომ ამბობ, კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო, აჰა, ნაკეთარიც ნახე! რა გამოიმეტა წამლად და ღმერთმან რა წყალობა უყო? ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია, თვარა რა სიტყვაა.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი