ქუჩაში


ქარი მოვარდა რისხვიანად ფრთამოქნეული,
ნაძვის ტოტები დაარხია თოვლდახუნძლული... _
პატარა ბალღი აკანკალდა შიშველ სხეულით
და ზამთრის ქუჩას დაედევნა ძაღლის ძუნძულით.
ქარი ბეღურებს დასცემია, როგორც თავზარი,
ქარია ისე, რომ სხეულზე ეკლებს მოგისევს...
ვდგევარ ქუჩაში დაყინული და ტანდამზრალი,
ვფიქრობ დედოფლის საქორწილოდ გაშლილ ლოგინზე.
შევბრუნდი მაინც და ფეხები ძლივსღა დავძარი:
ასეა, როცა სიცივეში ყოფნა მოგიწევს...
მივყვები ქუჩას დაყინული და ტანდამზრალი.
ვფიქრობ დედოფლის ღადარივით დამთბარ ლოგინზე.
დგანან ხეები და ზეცისკენ ხელებს იშვერენ,
რომ ქარისაგან განწირულებს ღმერთი შველოდეთ... _
პატარა ბავშვი უპერანგო და ფეხშიშველა
ადევნებოდა ზამთარივით გულცივ შენობებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი