ახალი სიმღერა


პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
“დაურჩი დედას, კარგი ხარ!”
შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი ჰქონდა ღიაო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვაოდა, იაო.

გვეგონა, დაბლა ქვეყანა
მაღლა ცით დათაფლულაო,
შიგ სიყვარული ნათესი
ჩვენს კარზე ამოსულაო!

თავზე დავიდგით გვირგვინი,
მივდექით საყდრის კარსაო;
მამასახლისმა დაგვჩხავლა:
- “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო!

ნეფეს სალდათად იწვევენ,
უნდა მოხადონ ვალიო;
სამ წლამდის ქვრივად დარჩება
ხემწიფის პატარძალიო”.

ავტირდი პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭუკელაო;
“ვაი შენს დედას, საბრალოვ!”
შემომტიროდა ყველაო.

პატარა გოგოც ატირდა,
პატარა გოგუცანაო,
მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე
სხვა ნახა ჩემისთანაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი