გოდება
გულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან გრძნობის ძალსა და ღონესა? და რათ აცდუნებ მოხუცსა, ჭაბუკად თავის მგონესა? წყეულიმც იყოს აწ ჩემიც უდროვო გრძნობა-გონება!... ადრე სხვის დამმონებელსა, დღეს სხვისი მინდა მონება! მაგრამ მონადაც, გულგრილსა, აღარ უნდებვარ... აღარა! ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი თვალში საჩხირო ჭაღარა! უთანაგრძნობოდ ვიდაგვი, ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი! ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი! რაღა დროს ჩემი ეს არი?! გამწირა!... იმან გამწირა, ვისაც შევსწირე ყოველი! სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად, სიკვდილს სიცოცხლედ მოველი! ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ, ვეღარ მარგებენ რამესა: დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ, ოხვრით ვათენებ ღამესა! ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი, ეძლევა ნეტარებასა! დასცინის გრძნობა-გონებას ჩემსას და აღსარებასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი