გულის პასუხი (მე შენ მიყვარდი ..)


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი... სამსალა!

შენც შეგარყიეს... უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი