დედის სიმღერა


ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს, -
დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..

ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი