მინდა რამ ვთქვა
მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა! მე ამ ლაგამს წავიძრობდი, არ მაქვს უცხოს მორიდება; მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ ჩემივე ძმა მეჭიდება! იმის აზრი სულ სხვა არის და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული; მე სხვა რამე მენატრება, - მაგას ჯილდო, ანუ ფული! ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში და არვის კი არ მივყიდო არც ჯილდოში და არც ფულში!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი