მუხამბაზი (ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ)


რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი;
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი