მუხამბაზი (ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე)
ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი. რას მიქვიან პირადი მწუხარება? - მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება! ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი, თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი? მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი? - ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი! ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი, უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი! თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი; თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი, მაგრამ მაინც ვიცინი სხვანაირად, და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად: “ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო! ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!” რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!... რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი