განთიადი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა, მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს… მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა: “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!.. „ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო, წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო. „წინ მომეგებნენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი მოკაშკაშ-მელვარეო. „გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლა გამიხარეო!.. „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!.. „ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო… და რო მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო: „დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ქართული პოეზიის მარგალიტია ეს ლექსი