მომაკვდავის ფიქრები
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ! ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა თუკი გამოზდის მამულიშვილსა, ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა? არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს, მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა! მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა! თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება, მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს და ის იქნება თვით უკვდავება, თუკი იმედი მე საიქაოს გამყვა უკეთეს მომავალისა, რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა იქნება შემგნე თვისის ვალისა! დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა... გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას ხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი