საიდუმლო ბარათი


საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: “ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო.”
მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!
ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?
როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?
როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?
ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?
არა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
იწყებდა თვით ქვეყანა!
საიდუმლო ბარათო,
მექმენ… მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი