მომაკვდავის ჩვენება


სიკვდილ-სიცოცხლის შუა მდებარეს,
როდესაც სული ხორცს მეყრებოდა,
ცოდვილი ქვეყნის გამოთხოვება
მე მაინც კიდევ მენანებოდა!..

რასაც სიყრმიდან თვალი და გული
შეთვისებია და შეჩვევია,
გონება კავშირს ვეღარ გაიწყვეტს,
სიცოცხლეც მისი მონა და ტყვეა!

ვიტანჯებოდი, ცრემლების ნაცვლად
ჭირის ოფლში-ღა ვიწურებოდი...
მიწა მტოვებდა... ცა მიწოდებდა
და მე-კი ვერც ერთს ვეღარ ვსწვდებოდი.

არც აქეთ ვიყავ და აღარც იქით
მე, ორთა შუა გამოხიდული;
უჩინარ ბეწვით ოდნავ დაბმული
ხორცი უსულოდ, უხორცოდ სული.

უცბად გაიხსნა ცა, მოელვარე
მაღლით ნათელი გადმოეფინა,
და თანვე მოჰყვა ხმა ზეციური:
„აჰა, ოსანა მაღალთა შინა!“

ნათლის სვეტებზე ნათლისვე კიბით
გარმოექანა ძირს ანგელოსი;
სხივით ნაქარგი თვით ელვარება
იყო იმისი წმინდა სამოსი.

მომიახლოვდა მანუგეშებლად
ცისა და ქვეყნის შუამავალი.
დამიდგა მარჯვნით... მისმა შვენებამ
მომხიბლა სრულად და მომჭრა თვალი.

ამ დროსვე ერთად შეიძრა მიწაც,
ქვესკნელმა გრგვინვით გააპო ბნელი
და ამოფრინდა ბოროტი სახე
სრულის დიდებით, თვით ბელზებელი.

იმის მედიდურ ძლიერ სახეზე
უფლება შავი ხაზით ეწერა;
დადგა პირდაპირ ანგელოსისა
და შეუპოვრად დაუწყო მზერა.

„შენ აქ რა გინდა? - სთქვა ანგელოსმა -
სამარადისოდ შეჩვენებულო!..
ურჩო მეუფის!.. და ქვეყნის მტერო!
მოუსვენარო!.. ბოროტო სულო?!

განა არ იცი: ვისაც ამ ქვეყნად
ვერ შეურყიე სარწმუნოება,
სიკვდილის შემდეგ რომ მიეკარო,
არ გაქვს უფლება! არა გაქვს ნება!..“

„ვინ მოგახსენა?! ჯერ ჩემ უფლებას
ვერ გააქარწყლებ შენ ასე ჩქარა!..
ჩვენ-ჩვენ საზღვარზე ვდგევართ ისევე!
- სთქვა ბელზებელმა! გადიხარხარა! -

ჯერ, სანამ სული ხორცს არ გაჰყრია,
რა დამკარგვია უფლება და დრო!..
უკანასკნელად ერთს კიდევ ვსინჯავ,
რომ მაგის სული მოვინადირო.

და ხელის შეშლა თუ შეგიძლია,
იხმარე შენი გრძნობა-გონება,
რომ მოანატრო ის ზეციური
საოცნებო რამ ყოფა-ქონება.

მეც გამოვიჩენ ჩემ ძლიერებას,
სათვალდათვალოს და ხელშესახებს
და მაშინ ვნახავთ: ამ ორში, აბა,
რომელს აირჩევს? და რას აიღებს?

შენ შეგიძლია წაართვა სული!
მე შემიძლია რომ დავუბრუნო!
შენ სხვის მონად ხარ კარზე მოსული
და მე კი მმონებს თვით საუკუნო!..“

ანგელოსი
როდემდის?

ბელზებელი
სანამ არ მოიშლება
ქვეყანა მისი შვენიერებით,
არ მყავს მეტოქე, მოპირდაპირე
არც მოხერხებით, არც ძლიერებით!

ანგელოსი
კი მაგრამ ეგ ხომ დროებითია?
„მეორედ-მოსვლის“ არა გაქვს შიში?

ბელზებელი
საუკუნეთა საუკუნოებს
არა აქვს ზომა და ანგარიში.
„მეორედ-მოსვლა“ ისე შორს არის,
რომ მაზედ ფიქრი არს უგნურება.

ანგელოსი
რასაც ოდესმე ბოლო მოელის,
არ არის სრული ის ნეტარება.

ბელზებელი
ბევრჯერ წამიც-კი ბედნიერების
საუკუნოზედ უტკბილესია!..
მეც მომავალი ჩემი სიმწარე
აწმყოს სიტკბოში ჩამილესია!..

ამას ვჯერდები და მომავალი
მე დამითმია თქვენთვის საკუთრად, -
ჩემთვის შავ-ბუნდად წარმოსადგენი
და თქვენთვის რაღაც ნათელ-ვარდის ფრად.

თქვენ აწმყოსა სცვლით იმ მომავალში,
მე მომავალზე აწმყოს არ ვყიდი!..
ვინ მოსტყუვდება ჩვენში - ვინ იცის?..
სულ სხვადასხვა გვაქვს ჩვენ გზა და ხიდი:

„შენ მარჯვნივ იწვევ ადამის შვილებს,
მე იმათ მარცხნივ ვეპატიჟები!
არჩევანი კი იმათ ხელშია
და ნუ გასჯიან როგორც გიჟები!..

სადაც ერჩიოთ იქით წავიდნენ!
ა, მაგალითი ახლაც თვალწინ გვაქვს:
ამ მომაკვდავთან მოვსულვართ ერთად
და ჭირისუფლად ვადგივართ მას თავს.

შენ სულ სხვას ურჩევ და მე კიდევ სხვას!
არა სჯობს, ვკითხოთ მაგისვე სურვილს:
სიცოცხლეს ირჩევს ჩემი შეწევნით?
თუ შენი რჩევით სანატრელ სიკვდილს?

სთქვი, რას ჰპირდები?

ანგელოსი
განსასვენებელს,
სად არც ურვაამ არც მწუხარება!
და ხორცშესხმულიც ვერ წარმოიდგენს,
თუ რა ტკბილია ის ნეტარება!..

მახლობლად ღვთისა, წმინდანთა შორის,
ანგელოსთ გუნდში გამორეული,
ციური ძალით განიმსჭვალება
ვალგადახდილი სპეტაკი სული!

ამიერიდან უკუნისამდე
არ მოეშლება ის ნეტარება...
მაშინ, როდესაც შენი დიდება
ამ ქვეყანასთან ერთად გაჰქრება.

ბელზებელი
წეღანაც გითხარ, უფარსაგოა
ეგ საოცნებო რამ მოგონება:
მაგის სიშორეს ვერ წარმოიდგენს
ჭკვათა-მყოფელის გრძნობა-გონება.

და მე მით უფრო... რაც დღეს ხელში მაქვს,
განა გიჟი ვარ, რომ შეველიო?
ნათქვამი არის: „ხვალინდელ ქათამს
კვერცხი სჯობია დღევანდელიო“.

ანგელოსი
ჩვენსას თუ სწუნობ, ახლა შენა სთქვი:
რა უფლება გაქვს? რა შეგიძლია,
რომ ამ მიწის შვილს შენ მიანიჭო?

ბელზებელი
რასაც კი მომთხოვს!.. სულ ადვილია!

ხანგრძლივ სიცოცხლეს და ტანმრთელობას,
სიბრძნე-სიმდიდრეს და ძლიერებას!..
სიჭაბუკესაც, რომ სიყვარული
უგვირგვინებდეს ბედნიერებას.

და ამას გარდა, ზედმეტად კიდევ
მცირე სურვილიც ვალად მედება;
ყოვლის-შემძლები - ვიქნები მონა
მაგისი! ნატვრა არ მოაკლდება.“

ეს რომ სთქვა, მერე მე მომიბრუნდა:
„აწ მოიკრიბე შენი ღონეო
და აირჩიე რომელიც გინდა!..
რაცა ვთქვით, შენც ხომ გაიგონეო?“

რომ მოვისმინე იმათი ბჭობა,
უჩვეულობით გაკვირვებულმა -
აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა!..
ძგერა დამიწყო ორჭოფად გულმა:

ზეცის შელევას ვერა ვბედავდი
და ეს ქვეყანაც მენანებოდა!..
სიტკბო-სიმწარის შუა ვიყავი,
სული შფოთავდა, ხორცი დნებოდა.

ბოლოს გავბედე ხმის ამოღება
და დავეკითხე მათ მორიდებით:
„ჩემგან რას ითხოვთ სამაგიეროს,
იმის სასყიდლად, რასაც მპირდებით?“

სთქვა ანგელოსმა: „მხოლოდ იმას გთხოვ,
რომ არ დაჰკარგო შენ სასოება
და ხრწნილებადი შენი სხეულის
არ მოინდომო ამაოება!“

ბელზებელმა სთქვა: „ბევრს არ მოვითხოვ:
რომ მოვიფხანო უბრალოდ გული,
მხოლოდ ფორმისთვის, ზეცის საჯიბროდ,
მერმისისათვის მომყიდე სული.“

ჩამაგდო ამან საგონებელში.
აღარ ვიცოდი, რა ამერჩია?
ორივე კარი ცის და ქვეყნისაც
მზა იყო ჩემთვის... ორივე ღია!..

პირი ვიბრუნე ბელზებელისკენ
და მოვინდომე მისი მინდობა.
თუმცა არ მსურდა არც ანგელოსის
უარის-ყოფა და ზეცის გმობა.

„შენ პირობაზე მე მოვაწერ ხელს!
ვთქვი - თანახმა ვარ და არც ვინაღვლებ!
იმ პირობით კი, თუ შენც შენს სიტყვას
არ გადაუხვევ და შეასრულებ!“

- „ვფიცავ ჯოჯოხეთს!“ - სთქვა აღტაცებით
და მედიდურად გადიხარხარა!..
შეკრთა მფარველი ანგელოსიცა,
მწუხარე სახე დაბლა დახარა!..

იუდას ტყავზე კაენის სისხლით
დაიწყო მტერმა პირობის წერა,
მაგრამ მარტო მის დანაპირებით
რომ ჩემი გული ვერ შეაჯერა,

თამამად მითხრა: „მეტი, რაც გინდა,
შენვე მომთხოვე და აგისრულებ!
მე ჩემი სიტყვის გამტეხი არ ვარ!..
არც გავწბილდები! არც გაგაწბილებ!“

- „მართლა? მაშ კარგი! მიუმატე ეს:
რომ აწ საერთოდ ქართველი ერი
ამაღლებული... აყვავებული...
ხანგრძლივი იყოს და ბედნიერი!“

- „აჰა, ჩავწერე!.. სხვა რამეც კიდევ
ჩამაწერინო გინდა თუ არა?
- „რასაკვირველია, ერთიც რამ კიდევ
და მეტს არას გთხოვ... გათავდეს! კმარა!“

- „სთქვი მალე ეგეც და გავათავოთ!
რა სურვილია ეგ კიდევ ერთი?“
- „რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს,
მოიახლოვოს ზედა და ღმერთი,

„რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული,
და მაშინ, დიახ, შენი იქნება
სამარადისოდ ეს ჩემი სული!..“

შეკრთა ეშმაკი ამის გამგონე!
არ მოელოდა ამგვარ პირობას!..
ფრთა შეეკვეცა იმის წამიერ
ამპარტავნება-მედიდურობას.

გაქვავდა თითქოს, მაგრამ კანკალი
დაუწყო მხოლოდ გულმა და ხელმა.
სთქვა გუნებაში: „ვაი, სირცხვილო,
რომ მომატყუა ამ იმერელმა:

„სულ ცოტა რომ ვთქვათ, დღეს ქართველების
მე ორი წილი ხომ კი მერგება,
და ამ ერთ სულში რომ ის გავყიდო,
რა ჭკუა არის? და რა მოგება?“

გასტეხა სიტყვა, გაუჩინარდა,
ჩაძვრა ქვესკნელში სირცხვილეული,
და მაშინ მხოლოდ ანგელოსიცა
ცაში აფრინდა გახარებული.

მე გონს მოვედი, მიმოვიხედე,
და იმავე წამს თვალი მოვკარი,
რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი
და მარჯვნით ახლოს ჩემი მოძღვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი