ცოდვილის სინანული
სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან, გადავცდი მცნებას, გცოდე, მამაო! და ვაი! დღეს სცნო ბოროტმან სულმან სოფელი ესე ცრუ და ამაო! ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება გამოუთქმელი და საშინელი, თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება, მაგრამ შენდობას მაინც მოველი! რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე, ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა! კეთილისათვის გზა წარმიმართე, ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა! შენანებულს შენ არ მოიძაგებ, ნუგეში ამით მე მემატება! და სულგრძელებას შენსას ვადიდებ, ოდეს მეზვერე გამახსენდება. პეტერბურგი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი