0 1075

დარიალის კლდემ არ იცის ხავსი ..


დარიალის კლდემ არ იცის ხავსი,
და საქართველოს ვაზმა სიბერწე!
ქართველი ხალხის სინათლის თასი
შოთას გულიდან გამოვიძერწე!
ქართველი ხალხის სიმაღლის ფასი
მე, იალბუზის ვიგრძენ  კიბეზე!
როცა დავხედე მღელვარ ცხოვრებას,
მატიანეთა გაშლილ ეტრატებს,
იერიშებზე  სისხლის ცხოებას -
ქართლის დიდება ვიგრძენ მეტადრე.
როგორც ორაგულს  კასპიის  ზღვაში
არაგვის ჩქერი მოეწყურება,
ნაპირს ასკდება დაჭრილი ქვაში,
დე, შეუღებონ მკერდი წყლულებმა, -
ისე ვისწრაფვი  შენდა მარადღე;
მამულო, დაჭრილ სულისკვეთებით.
მომეცი ბინა, გინდ შენს შარაზე,
გინდ შენს წინწკალშიც კი დავეტევი!
კომენტარები (0)