აკაკი, ვაჟა
მომისმენია აკაკი, ვაჟა, ახლა ეთერის ხმებში მღერიან: დღესაც ტაშს ვუკრავ, ვუყივი ვაშას! მათი სიმღერა დამდაღველია... გვათბობს ღვთიურ ხმის ცეცხლის გურგური, ჩვენი მტრის გულის დასამჟავებლად, მღერის აკაკი, როგორც ბულბული, და არწივივით - ვაჟა-ფშაველა. განა ბულბული, განა არწივი? მათი სიმღერით სამშობლო მღერის... და საქართველოს წმინდა ბარძიმი სავსეა მათი ცრემლის ნამქერით; სულ ცოცხალია, სულ უკვდავია, ერის ცრემლებით რაც ინამება: რაც მებრძოლია, ― ცეცხლმსუნთქავია, ვერ შეაშინებს ბედის წამება! როგორც რჩეულთა ძველი წესია, საომარი გზით ვლიდენ იგინიც, დაფნის გვირგვინზე უწმინდესია მოწამის შუბლზე ეკლის გვირგვინი! განვლეს ეკალი, მოიმკეს ვარდი, სიკვდილის ცელი ვერ მოერიათ: ახლა ჰშვენიან დიდების კვართით, ხალხის უწმინდეს გულში მღერიან. *** ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი, ზოგს დანანებით და ზოგს წამებით. ძნელია ზიდვა საქართველოსი, და ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი