აკაკის


ნათქვამი აკაკის საფლავთან, მთაწმინდაზე, 
საზეიმო მიტინგზე. 1940 წ. 16 ივნისს.

შენ მოგვიზომე სამშობლო
შენი ჩანგურის სიმებით;
შენ გვიანდერძე სამშობლო
და მისი დახსნის იმედი.
გული გაცვითე სიმღერით
და ლექსი ქართლის დიდებით;
ბნელს გვილამპრავდი ჭაღარით
და ცრემლის მარგალიტებით.
მომავლის მზესთან ადიდე
მიწაში მყოფი გმირები, ―
მათი აკლდამის ნათელი,
მათი საფლავის დირენი.
დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ,
გზა გასჭრა სავსე ეკლითა;
დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,
მზის სხივი გადმოგვეკიდა.
შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,
გსურს, რომ ახალ მზეს უყურო, ―
დიდი მთაწმინდის სიწმინდევ,
გადაღმერთილო, უღრუბლოვ, ―
დანაცრებულო, დამწვარო,
დაბერებულო ბულბულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი