არ დაიდარდო, დედაო..
1949 წ. ნოემბერს, ტამანის ნახევარკუნძულზე ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი. ლევანი რქმეოდა... ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა, სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა! ვისაც უნდოდა, ქართველი რომ გამხდარიყო ხიზანი, დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი... ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა. დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა! არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე; მე შენი ძუძუს ნათელი საქვეყნოდ გამოვაბრწყინე. მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური, სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი, სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი... მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით, დამალეთ ჩემი სამარი, თუ მტერმა გკითხოს, უთხარით, კრემლშია, სტალინთან არი! და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი, იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ სტალინის მამაპაპანი! ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს, პირზე მაყარეს ვარდები, დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს დამხურეს მუზარადები. თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით, ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით. არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა. დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი