ბედი ქართლისა
ვინც იცის ჩვენი წარსული, ბრძოლაა შეუწყვეტელი. რაც ქართლზე იწვნენ ღამენი, ვინ იყო მისი მჭვრეტელი? ჩვენი ხვავის და ბარაქის ვინ არ ყოფილა მხვეტელი. ევროპის კართან ვწყდებოდით, ვიყავით მისი კედელი... არ ახსოვთ ჩვენი ნაბრძოლი, არც ჩაუგდიათ იოტად, არასდროს მოგვშველებიან, როცა გვშიოდა, გვციოდა. მტკვრის და რიონის მაგიერ სისხლის მდინარე დიოდა, ალი და ცეცხლი წარღვნისა ჭერისთავს გადაგვდიოდა. მტერი, რა მტერი, რამდენი, ზღვას ვინ დაუდოს საზღვარი? ჩვენსავით არვის რეგვავდა ქარფიცხელი და წყალღვარი! ჩვენი სამშობლოს ველები, მდელო, მინდორი, ბაღნარი - ნათურქალია, ნარბევი, ნათქერი, ნაყივჩაღარი! მტერს ჩვენი მიწა მიქონდა ჩვენი მკვლელობის ხელფასად, რამდენჯერ გულის სიმწარით მოვსთქვამდით ჩვენს აკლებასა: „ცეცხლისა და წყალს შუა ვართ, - ორისავე ვართ ნებასა, ცეცხლი გვიპირებს დაწვასა, წყალი თან ჩაყოლებასა!“ მაგრამ არ დაგვიკვნესია, თუმცა ვიყავით თელილი, ბევრჯერ აღგვილნი მიწიდან, ცხრამთის იქითაც დევნილნი, ტყეში, ღრეში და კლდის ეხში შემთხვევით გადარჩენილი: „ვეფხვი ვინა სთქვა მტირალი, თვალზე ცრემლჩამოდენილი!“ მშობელმა ხალხმა არ შექმნა ლეგენდა ამირანისა? – დიდებული და უკვდავი, მოთხრობა დიდ მოწამისა. მასში სთქვა ტანჯვა თავისი, წამება მრავალ ჟამისა, ისიც სთქვა, რომ ამ წამებამ მისი მზე ვერღა დანისლა. რწმენით უმზერდა მომავალს, დახუნდებული, ვნებული, კავკასის მთაზე მიჯაჭვულ ვაჟკაცით შთაგონებული. ის არაერთხელ ყოფილა მკლავით და აზრით ქებული, დამშვენებული ძეგლებით, მარმარით ამოგებული. აჰხედე მაღალ მწვერვალებს, არც კი ჩანს ნაბილიკარი, ჩუქურთმიანი ნაშთები, ციხე-კოშკები იქ არი! ქვის არშიები გვაკვირვებს, ვაზიდან გათლილი კარი, ვეფხვი მტევნებში, ფასკუნჯი, ნუკრდახატული ფიქალი. აჰფურცლე ხელნაწერები - თავსამკაულად მტრედები, ასომთავრული - შემკული ბრწყინვალე კამარედებით, ნაწრთობი ხმალი, ზარნიში, ვარაყი, ოქრომკედები... ნახე წარსულის ძეგლები და მათი ქვაკუთხედები... რამდენი გვყავდა ოსტატი, აზრის ლოდებზე მყნობელი. მოქანდაკე და მჭედელი, მხატვარი, ოქრომდნობელი. ჯადო მარჯვენა ჰქონიათ, ბედი კი - დაუნდობელი, ჰქმნიდნენ, გვარსაც კი არ სწერდნენ - გულში ცეცხლჩაუქრობელნი! მათი საფლავნიც არ ვიცით - ნეშტი და ძვალჩასალაგი, სად არი შოთას სამარე, გურამიშვილის ალაგი? ვინ დაიტირა ბესიკი, საბას, დავითის ამაგი? გასტყორცნა ბნელმა ცხოვრებამ, ანატრა მტკვარი, არაგვი! ვინ დასთვლის ჩვენსა გმირებსა და მათ გამომზრდელ მშობელსა, დიდ სააკაძე გიორგის, მტრის ურდოს დამადნობელსა; ან შალვა ახალციხელსა, ზეზვას - მტრის სისხლის მთრობელსა, სამას არაგველს - კრწანისში, მკერდზე სისხლშეუშრობელსა! უმადურობით სავსეა მათი ნაღვაწის რვეული, მოწამებრივი ცხოვრება მათ წილად იყო ჩვეული. გახსოვს, მრავალჯერ შესმული შხამი სიმწარით რხეული, გინდ ხმალი სააკაძისა - მიწაში გადამსხვრეული! ჰსურდა მტერს ხალხის სიკვდილი - მუხანათსა და ორპირსა, ის არ იცოდა, გულდაჭრილს მხრებში ფრთა ჰქონდა ორბისა. მან შექმნა შოთას ოცნება, წიგნი ვაჟკაცურ ძმობისა, წიგნი მზის, თავისუფლების, მარადი მეგობრობისა. მებრძოლი სული ხალხისა რჩებოდა უბერებელი, სწყუროდა მარად ნათელი მზის ელვარების ელფერით. მუდამ იბრძოდა მზისათვის, როგორც მზის ვაჟკაცს შეჰფერის, თავისუფლების მებრძოლი - რკინაა აუღებელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი