ბერშოულა


1
ნუთუ მართლა არ იცოდი?
ქართლში არი ეგ სოფელი!..
იქ მყუდროში ტკბილად ცხოვრობს
მეზობელთან მეზობელი...
ისე ტურფა არ მინახავს,
დამივლია ქართლ-კახეთი...
აშკარეთი ვგონებ ჰქვიან,
ვგონებ უფრო შაქ-შაქეთი.
გამოვტყდები, ერთ დროს იყო,
მიზეზით თუ უმიზეზოდ,
იმ სოფელში ერთისათვის
მე მიყვარდა ერთი ეზო...

სოფელში თუ შეიარე,
გზას იმ ეზოს ვერ წაუვლი,
აქეთ - ბაღი მეწამული,
იქით - ჭალა ლერწამული.

შუაზე კი ხევი მოდის,
რა წინწკალა ღელე არი.
მაინც ნაჟურ წვეთებიდან
საწისქვილე მოსჩქეფს წყალი!

გადმოცემა ასეთია:
წყალს რომ ხარჯი არ დაეტყოს,
წვერიანმა თუ დალია,
წვერი უნდა ჩაიბერტყოს!

ასეა თუ ისე არი,
სავსე არი წიფლის ღარი!
და წისქვილის ქვა ტრიალებს,
სარეკელა ტურფად გალობს
და მოხუცი მეწისქვილე
არა მარტო მინდით ხარობს...

2
ვინ არ იცნობს მეწისქვილეს,
სალმიან კაცს, მყუდროს, ჭკვიანს?
ბერშოულას ეძახიან,
თუმცა წიგნში ბერო ჰქვიან...
რა თვალადი დროულია,
რა კაცია, - გულთა-გული...
წარბები და ჩხა ულვაში
ფქვილის მტვრით აქვს გაგანგლული.
გულში ვარდი სულ უყვავის,
შეთაფლული სიტყვა იცის.
თუ პურის მადლს დაიფიცავს,
ეს იქნება მტკიცე ფიცი!

ბალისტარა ყალიონი,
სულ უქრობლად პირში სჩრია.
ნანგრევთა ხეს მოგაგონებს,
ცულსაც რომ ვერ მოუჭრია...
სულ წისქვილის დირეზე ზის,
გადაჰყურებს ღიმით ღელეს,
გვერდით უზის ხატაურა,
რომ უკოცნის დამჭკნარ ხელებს.
ხან ცად ღრუბლებს უთვალთვალებს,
ხომ არ დაჰკრავს ყანას სეტყვა,
ხან ყალიონს განაცრებულს
ქალამანზე დაიბერტყავს...
ხან ტყავის ქუდს გადაიწევს,
დაჭმული რომ არის ჩრჩილით,
ხან ისე წევს წისქვილის წინ,
როგორც ჩრდილი დარჩომილი...
— “რასა ჰფიქრობ ბერშოულა,
გვითხარ შენი ხვაშიადი.
შენ ქვეყნისას ვერას შესცვლი,
გინდაც ფიქრით ცაში ადი!”
არას ეტყვის ბერშოულა,
მხოლოდ ჩუმად თავს აიღებს,
გულში ამბობს: “ჩემს ხვაშიადს
სად მისწვდები, რას გაიგებ!”

3
მე იმ დღიდან ვიცნობ ბეროს,
მიზეზით თუ უმიზეზოდ,
იმ სოფელში ერთისათვის
რომ მიყვარდა ერთი ეზო...
მახსოვს დილა ადრეული,
მზის ცისკარის მონაბერი!
დავინახე ვარდრეული
სახე ნაქარ ნამქრის ფერი...
ქალი წიგნით მიდიოდა,
მიმღეროდნენ თან ჩიტები.
დღესაც იმ ტკბილ მოგონებას
გულის ძარღვით ვეჭიდები.
სულ ბრწყინავდა დილის ნამში,
აყვავებულ ვენახს ჰგავდა,
თითქოს დილა ნარგიზფერი
ნაზ თითებით თან მოჰყავდა...

გავიცანი... მეცნიერი,
ქალი სახე-დაქანცული.
ჰყვარებოდა ჩვენი ძველი
ხელოვნების საგანძური.
აერჩია შესასწავლად
მას ხახულის მინანქარი.
თვით ხახულის ღვთისმშობლისაც
იყო მართლა მინაგვარი.
ბერშოულას შვილიშვილი,
მტრედული და თვით გულმტრედი,
გახდა ჩემი სალოცველი...
შეეგრიხა ჩემი ბედი...
ურმის ჭრიალს, ვერხვის შრიალს,
მე ვუსმენდი მისთვის ღამე.
მივყვებოდი ციცნათელას,
გული ვეღარ დავიამე.
მაგრამ ჩემთვის გულის წამალს
ვერ შოულობს ბერშოულა,
ის ჩემს ოხვრას მიიჩნევდა
მისი ვერხვის შარიშურად...

ვეღარ ადგა ჩემი გული,
სიყვარულმა რაკი დამცა,
ახლაც ვხედავ მოჩვენებით
მე ნესტანის დახრილ წამწამს...
სხვა დროს იყოს ეს ამბავი,
საამბობი არის ბევრი...
ერთხელ, როცა ქართლის მთაზე
გადაშენდა ოქროსფერი,
ჩვენ დავშორდით... ის წავიდა
ნაფარეულს თუ ახმეტას...
მან ღიმილი ჩემს წყალობად
და იმედად გაიმეტა...

4
გაშუალდა შემოდგომა,
მოეკიდა მაჭარს ტუჩი
და ბეროსგან ხშირ-ხშირ პატიჟს,
ვით სხვა, ვერც მე გადავურჩი.

ბევრს მიამბობს ძველს და ახალს,
რაც არის და აღარც არი,
თან საღვინეს გადმომაწვდის:
- გულს დაფერავს მაჭრის ცვარი!
შაირსიტყვაც მეტად უყვარს,
მოდი და შენ გაექეცი...
ხელთ სასხლავით ვაზის მწკრივებს
გაივლიდა შოთას ლექსით...

- როგორ მიყვარს მსხმო ვენახი,
გაფოთლილი, პირლამაზი...
კაციც უნდა ტკბილი იყოს,
ვით სიტკბოთი სავსე ვაზი!

5
- სიჭაბუკის ფარჩა ვცვითე,
დამიყუჩდა გულში ქარი;
მე სიბერეს არა ვჩივი,
ვარ ოთხმოცში გადამდგარი.

მე, საფლავით შემოსაფრულს,
მიყვარს მზესთან შეზავება,
სიკვდილის არ მეშინია, -
მე სიკვდილი მეზარება!
ნეტამც ვიყო მე ოსტატი,
სულ სააკვნე ფიცარს ვთლიდე
და იმდენი გამეთალოს,
ვთვლიდე, ვთვლიდე, ვერ დავთვლიდე!
ყმაწვილურის თვალით მინდა
წუთისოფელს სულ ვუყურო:
ნეტამც მასვა უკვდავება,
ვსვამდე, კიდევ მომეწყუროს!
ფრინველივით მსურს ვცხოვრობდე,
მხოლოდ გულით, მხოლოდ ფრთებით,
რომ ნავარდით გადავლახო,
რაც ცხოვრებამ დასდგა მთები.

6
მეც მივდევდი ირმის ნაფრენს,
მეც ვიყავი დევნით მთვრალი:
ბევრს ჭრილობა გავატანე,
დავუხუჭე ბევრსაც თვალი.
მე ვაძლევდი მანძილს ტყვიას,
ცხენით ვქროდი დღე ცისმარი,
დამალული ცხენის ტერფში
დამინახავს ცეცხლის ალი.
მე გუთნის კვალს მივყვებოდი,
ანის ლივლივს გულის ჟინით;
მე ვასხამდი ვენახს მტევანს,
მთა დამიდგამს თივის ზვინის...

თორმეტ შვილში ცხრა მყავს ვაჟი,
ორი ქალი - ალვისტანა.
ხოლო ვაჟი, მთლად უმცროსი,
ომში ტყვიამ გამიტანა!

ახლა ლეგას სამახსოვროდ
მე ვაშენებ გზაზე წყაროს.
თასს დავკიდებ ვერცხლის ჯაჭვით
მწყურვალ მგზავრის გასახაროდ...
ტყვიისაგან გახურებულს,
თუ მოსწყურდა ჩემს შვილს წყალი,
იქ მიუვა შენდობის თქმით
ასე ვფიქრობ მე საწყალი!

7
რომ დაბრუნდა ომის ხალხი,
გაიმართა სოფლად ლხინი.
პურტკბილობა მხიარული.
სიმღერები და ღიღინი.
უცბად ბერომ შეიმღერა
და სოფელმა მისცა ბანი.
- განა მღერის ბერშოულა?
სთქვეს: - არა ჰყავს ბეროს ცალი!
იყო, არის და იქნება
სულ პირველი მომღერალი!
თუ აქამდი არ მღეროდა, -
ომში წასულ ხალხის ცოდვით...
-ხმა გაიხსნა ბერშოულამ,
ყური უგდეთ, აქეთ მოდით!

... და მღეროდა ბერშოულა,
მოჰფანტავდა ოქროს ზოდებს.
ხმა ისეთი ზარიანი
არ მსმენია არასოდეს...
უხდებოდა მოხუცის ხმას
ბადაგივით ჩამაჭრება.
შინმოსულებს უმღეროდა
და სამშობლოს გამარჯვებას...

მხოლოდ ერთხელ ხმა შეთრთოლდა
და ხალხმა სთქვა: ხმაში ჩანდა,
მამას, ომში შვილდამკარგავს,
უცბად ლეგა გაელანდა.

8
წისქვილის ქვეშ ჩამოვჯექით,
მილოცვა და იყო ქება:
- შენისთანა მომღერალი
არც გვინახავს, არც იქნება!...

- არ გინახავთ? მე მინახავს...-
ნაწყენივით გვითხრა ბერომ,-
რასაც იტყვის ენის ჩალა,
შემფერის რომ შევიფერო?
მე ვაჟკაცი ვიყავ მაშინ...
გული მქონდა, ვით რიჟრაჟი,
რომ ერთ ზაფხულს ჩვენს სოფელში
ჩამოვიდა ერთი ვაჟი.
სოსო ერქვა ახალგაზრდას...
ჩვენი მკლავის გახდა ფარი...
ის მოსარჩლე იყო ჩვენი,
მისანდო და მეგობარი.
გულს მოგვება, რადგან სძულდა
თავადების საქმე მრუდი...
შავგრუზა თმა მისი მახსოვს
და ზედ შავი ნაბდის ქუდი.
მკვირცხლი იყო, მხიარული,
შვილიდარი, საყვარელი...
მაგრამ უფრო მაგონდება
მოვერცხლილი მისი ყელი...
ოროველას დასძახებდა,
ვერ იტყოდა ისე გლეხი,
ჩაკლაკნილად, ხმატკბილურად,
ნაკადულად, ხმა-დაგრეხით.
რა ხმა ჰქონდა... ვერ იმღერებს
ისე სუფთად ლერწმის წბილი.
ჩამტკბარი და მოწკრიალე,
ოქროსავით ჩაწყობილი.

9
ერთხელ, ურმით გავემგზავრეთ
ლიახვს გაღმა, ტყვიავს ზევით
რძედაღვრილი ღამე იყო,
ვარსკვლავების ცეცხლთა ფრქვევით.
ცა, კაშკაშით მოცინარი,
ისე ჩამწყდა გულში ლხენით,
რომ უეცრივ მე ურმული
შემოვძახე მთელი ყელით...
ყურს მიგდებდა დიდხანს სოსო,
მერე ბეჭზე დამკრა ხელი:
- ტკბილი ხმა გაქვს, ბერშოულავ,
ბულბულივით მართლა მღერი!..
მე შენს ხმას რა დამავიწყებს,
მეგობარო, ჩემი დღენი...
გულის ძმები ვიყვნეთ მუდამ,
აჰა, ხელი, გადასჭერი!

- აგრე იყოს! - ვთქვი პირკოცნით...
დადგა სოსოს მღერის ჯერიც:
ოროველა შემოსძახა
აქარგული-ჩაქარგული.
ნიავი რომ ვარდს გადაშლის,
გამეშალა აგრე გული.
ბევრი მგზავრი შედგა გზაში,
- რა ხმა არი, სანატური...
კალოდან და ქოხებიდან
გამორბოდნენ სანათურით.
პირზე ვარდი მოსდიოდათ,
ღობის იქით დაჰკრეს ტაში,
მარგალიტის წვიმა წვიმდა,
ჩადიოდა ბროლის ტბაში.
გვეწეოდნენ აქეთ-იქით:
- ჩამობრძანდით, ჩვენსას მოდით!
აქეთ ვარდი, იქით მწვადი,
შამფურ-შამფურ მონაწოდი.
ვესტუმრეთ და გადაველით,
გადაგავეს ჩვენთვის კალო.
ვთქვით „ცანგალა”, კიდევ - „ჭონა”,
”მერცხალო” და ”ვარხალალო”!
გეფიცებით მოსხმულ მტევანს
ამოგვიშრა მღერით ყელი.
- რა ბიჭია, - სოსოზე სთქვეს,-
ხმატკბილი და საყვარელი!

10
სამ სოფელმა საღვთო ვქენით,
ღმერთს ვახვეწეთ ჩვენი თავი.
მოსავალი უხვი ვთხოვეთ,
ღვინის ზღვა და პურის ხვავი.
სმა, პურობა გაიმართა,
გაიშალა სუფრა ჭრელი,
ზედ საღვინე, ზედ ჯამები,
ზედ ხორაგი უვაჭრელი...
თავადებიც დავპატიჟეთ,
ან სხვა მაშინ რა გზა გვქონდა.
ჩამობრძანდნენ... ვერცხლი ეკრა
მათ ხმალსა და თოფის კონდახს...
ჯამებმა რომ აიარეს
და შეხურდა ღვინით გული,
სიმღერებიც მოვიგონეთ, -
”მეტიური” და „სუფრული”.
ვიყავ ეშხის მოედანზე,
სიჭაბუკით ვკიაფობდი.
ხელთ მეჭირა გოზაური,
სიმღერით ცას მივაპობდი...
მაშინ ერთმა მებატონემ,
რომ მიჰგავდა შავ ქორს - გეზელს,
ჩაიწმაწნა ჯერ ულვაში,
წამოიჭრა მერე ზეზე...
მუხის ნახეთქ ნაფოტივით
მოგვაყარა სიტყვა ცხარი:
- სთქვით სიმღერა დაჩოქებით,
თუ გსურთ შეგრჩეთ მიწა-წყალი!
აგვიხირდნენ თავადები:
- მზე ჩვენგან გაქვთ ნაჩუქები.
ძველი წესი რად მოშალეთ,
სთქვით სიმღერა დაჩოქებით!
გაგვიკვირდა. ბრაზით გავშრით.
ჯერ გვეგონა შლეგი სიტყვა.
- დაგვიჩოქეთ და გვიმღერეთ! -
გამოჭექით კიდევ ითქვა...
ერთობილად ვიუარეთ,
ჩვენი თქმული მოხვდათ ეკლად,
დაგვიჟინეს, ჩვენც დავდექით
ჩვენს ნათქვამზე დაუდრეკლად.

სხვაზე მეტად მე ვცხარობდი,
როგორც ფიცხი კლდის კანჯარი...
მაშინ ერთმა თვალმცეცხლავმა
დამანათა გულს ხანჯალი!

შევხედე და სიკვდილს ჰგავდა,
გამენასკვა გულის ძარღვი.
ჩემ სიმღერას დასაჩაგრად
რად მივცემდი იმ გულ-წარყვნილს?!
ამ დროს სოსოს ხმა მომესმა:
- იყავ კლდეზე უმაგრესი,
არ იმღერო, რომ დაგადგეს
დღე სიკვდილის უარესი!
მე ამ სიტყვამ შემამაგრა.
ვთქვი: ვერ ვიტყვი მოხრილ ჩოქით!
თუ მღერიან პირუტყვები,
მოიკითხეთ თქვენი ჯოგი!
-არ ვიმღერებთ! - ვიზრიალეთ,
გადავთელეთ რისხვის ტალღით.
თავი მომწონს, რომ დაგვრაზმა
მაშინ სოსომ სოფლის ხალხი.
-არ დაუთმოთ. ნუ გატყდებით,
შეპარებით იმ დღეს ეთქვა...
მისთვის ჩვენი მებატონე
ხტოდა, როგორც ქვაზე სეტყვა.

და თავადებს რომ ენახათ
მაშინ სოსო ჩვენში მდგარი,
დაეძახათ: ვიცით, ვიცით,
საიდანაც მოჰქრის ქარი!...

11
ასე ვიცნობ სოსო სტალინს,
ძმობაც ასე აიგება,
მომღერალი ბერშოულა
არ ახსოვდეს, - არ იქნება!
ერთხელ ერთად გვიბრძოლია,
მტერსაც ერთად შევეტანეთ...
ეჰ, რამდენი წელი არი,
ვეღარ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს.
რას მოაცლის დიდი ზრუნვა,
მოსავლელი სავენახე.
გულს დავიკარ ჯავრით მუშტი, -
აქ იყო და ვერა ვნახე!
ახლა გითხრა ხვაშიადი:
შეგაფიცებ ყველაწმინდას,
სულ აგავსებ ჯავაირით,
ჯავაირი მაშ არ გინდა?

მზის საფიცარს გიდღეგრძელებ,
გეუბნები ამას მართლა,-
ოღონდ ერთხელ შემახვედრე,
მხოლოდ ხელი ჩამოვართვა...

თუ არა და, მივწერ წერილს,
რომ სულ იყოს თაფლის დენა.
- ჩამოდი და გამოშუქდი -
გულში ვარდის მოსაფენად!
თუ აქამდის ვეღარ შეგხვდი,
მინდა გნახო გინდაც გვიან,
უცნობელი არ გახლავარ,
ბერშოულა ისევ მქვიან!..

რთხელ ჩვენკენ მოიცალე,
ინახულე ჩვენი კერა,
კვლავ ჭაბუკი შევიქნები,
ახალ ჩოხას შევიკერავ!
ერთხელ ერთად გვიმღერია
ურმული და გვითქვამს „ჭონა”,
ტყვიავს ზევით გახსოვს ღამე,
ვით შეკრული ვარდის კონა?
გახსოვს ჩვენი ცხელი პური,
ჩვენი გული, ჩვენი ლექსი?
გორის ციხე, ქართლი, გახსოვს
მტკვრის ნაპირი ქაფნალესი?
ვიცი, ბევრი გყავს ნაცნობი,
არიგება-ჩარიგება,
ისიც ვიცი, ბერშოულა
არ გახსოვდე, არ იქნება!

12
ასე ამბობს ბერშოულა,
თან უტკბება თავის სიტყვას
და სულ სჯერა,
რომ სტალინი
ერთხელ
სადმე
მოიკითხავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი