დროშა
„ალმითა წითელ-შავითა“ რუსთაველი პრაღაში ერთმა მეისტორიემ, როცა წარსულზე ვბჭობდით ორივე, შეკითხვა მომცა ბაასს დართული: ― რა ფერის იყო დროშა ქართული? რა ფერის დროშა გქონდათ ქართველებს, სულ ძველისძველი, ათასწლოვანი? თუმც საქართველო ბევრჯერ გათელეს, მაინც ხართ ხალხი სახელოვანი! ფერი დროშისა ბევრის მთქმელია, თანაც სიმაგრე დროშის ტარისა, დრო სუსტ ხალხების გარდამთქმელია, თქვენ დღესაც უმზერთ მზეს და მთვარესა; თუმც ისტორიულ ტაროსს ემდურით და აზიის ხმალს ― გამკვეთარესა, არა ხართ ხალხი უცაბედური, დროს მოატანეთ უნეტარესსა! ― პატივცემულო, გამიგონია, და ასეც არი შემოწმებული: ჩვენ შინდისფერი დროშა გვქონია, შავის არშიით შემოვლებული! ჩვენგან დაღვრილ სისხლს თურმე ნიშნავდა ფერი შინდური, სისხლური ფერი; მიწას თუ მდელოს, ქვას და ქვიშათა სისხლით ჰპოხავდა მშობელი ერი! მწარე, შავ დღეებს ჩვენი წარსულის მოასწავებდა შავი არშია; დროშა შინდური, შავმოგარსული, ქროლვით დაჰქროდა მთა და ბარშია! ვისაც სჩვევია რბევა და პარვა, და მტაცებლურად უთავხედია, მრავალ დამპყრობელს, ჯალათს და მტარვალს, შიშით მისათვის შეუხედია! იბრძოდა დროშა და მის კალთებზე ერთურთს ებრძოდა ეს ორი ფერი, ― წითელი, შავი ერთურთს უტევდნენ, მით გამარჯვებას ჭედავდა ერი! განა ფერები? სიკვდილ-სიცოცხლე, ბნელთან - ნათელი, ავთან - კეთილი, - იბრძოდნენ მწარედ, შმაგურ სიცეცხლით, გააფთრებული ძალთა კვეთებით! ხშირად, დროშა რომ გაშავდებოდა, მაშინ წითლად ჩნდა მიწა ქართლისა; მაშინ კრწანისის ღამე დგებოდა უკანასკნელი არაქათისა. და თუმც მოგვიტყდა ათასი მეხი, ძნელი სათქმელად და საამბობლად, ამაყად იდგა ერი ნაჩეხი, და არ დაუთმო შავ ფერს სამშობლო! ხალხი როდისმე განა ვალშია? ბედს თუ ეძინა, ხალხს არ ეძინა, დროშის კალთების შავი არშია ოქტომბრის ქარცეცხლს დააწეწინა! ხელში აიღო დროშა წითელი, გახდა ერთგული მისი მტვირთველი... * ― ძმავ-მეგობარო, ხომ ყოველ დრო-ჟამს, ხალხის ოცნება ყოფილა წრფელი? შეუღებია სამშობლოს დროშა ჩემს ხალხს საკუთარ სისხლისვე ფერით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი