თაისი


ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი,
ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი,
გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი,
ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.

თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო,
თარის წკრიალში ვჩურჩულებდი
შენი მხლებელი:
_ «დარჩეს ეგ ტუჩი კოცნის
ელვით ხელუხლებელი,
ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი».

ამაყ წამწამებს შევამჩნიე შმაგი თარეში,
საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილის
საპირფარეშო,
უბის ცისკრებში მზე გიჟდება,
ლალში მცურავი.

აპრიალებულ ხანჯალივით ამენთო ტანი
და შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის,
ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი