თბილისს
(ვარიანტი) შენი ეშხი უხილავი ვის და რომელს არ ახსოვდეს? მომღერალი სულ იყავი, მომტირალი - არასოდეს! ვინ, ვინ იტყვის შენს დიდ გარჯას, რომ თან გული არ დასწოდეს? შენ იცნობდი მრავალ ტანჯვას, მაგრამ სირცხვილს - არასოდეს! თუ წინაპართ ბაირაღი გაცვდა, მცნება არ გავწიროთ, საქართველოს ზეცის თაღი - არ ყოფილა უარწივოდ!.. იჯდა მტვერში ათას წყლულით, თითქოს ბედი დარაზოდეს, ასეჯერ იყო აკუწული, გასრესილი - არასოდეს! ცეცხლის სულით, კაჟის გულით, არ უკრთოდა ქარაშოტებს, ბევრჯერ იყო გულმოკლული, მაგრამ მკვდარი - არასოდეს! ბევრი ტყვია გვისროლია, მამულის კარს ვკეტდით მკერდით, დე, იცოდეს ისტორიამ, საამაყო გვქონდა ბედი! ჩვენ მტარვალმა ვეღარ გვთელოს, რაგინდ ბადეს არა ჰქსოვდეს, დაჩოქილი საქართველო არ იქნება არასოდეს! მინდა, შენი წელთაღრიცხვა კიდევ ბევრჯერ ათასობდეს, ასე სავსე და ლამაზი არ ყოფილხარ არასოდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი