თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით


თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით,
იანვარშიც აღარ გავიყინებით...
საათნავას ანაფორის უბეში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.

გაუმარჯოს, ვისი გულიც გულია!
ვისაც თოვლში ოცნებით გაუვლია!
ვინც გესროლა თოვლი და გაგიღიმა,
სიყვარულით ვინც კი გათანგულია!

ვისაც გულში სიმღერა ჩაგრჩენიათ
და სიმებზე არ დაგღლიათ ხელები,
დაიბუგეთ და იყავით იავარ!
მიანარცხეთ ჩანგზე საფეთქელები!

მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება...
დავინახე, ცეცხლი ცეცხლზე მოება,
დავინახე, მეხმა როგორ დააპო
საქართველოს საყდრული მყუდროება!

ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,
შენ თუ გასძლებ ― შენივ სიტყვის იმედით...
საათნავას გაყინულ სუდარაში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი