ილია ჭავჭავაძის აჩრდილს
1 დიდო აჩრდილო, რას დაგვიბარებ, წარბშერჭმით მდგარო, სევდით მღიმარო, შუბლსა და მკერდზე ხელებს იფარებ, ალბათ გსურს წყლული რომ დაგვიმალო! წყლული, რომელიც უყივის კრწანისს,― ჩვენი ვაება, ჭირი, ნაღველი! ვერ გარეცხს სირცხვილს ჩვენი სიმწარის თვით წარღვნის წყალი გადამწარღვნელი. ბევრი უნახავს შენს ნაბადს წვიმა, ქარი და ყინვა, დრტვინვა და ზარი... ტვირთი მაგ მხრებმა არ დაიმძიმა და არც მაგ შენ გულს დაეტყო ბზარი. ქართლის აზრი და სიმღერა იყავ, დროშა მღელვარი, ტარ-უკრთომელი, მისთვის სიცოცხლის ბეწვი გაიყავ, უფრო მეტის ღწვის იყავ მდომელი! კლდეკაცი იყავ, კლდეს შეედუღე, უკვდავებასთან ხარ წილდებული, შემარყეველი სინედრიონის, სალიტანიე, სანატრიონი, თავი ერისა, რა დიდებული! ქუხილის ენით მოლაპარაკევ, ნათლისმდებელო, იცი, ვინა ხარ? ― რუსთაველის სიმს, კრწანისის საფლავს, თამარის ნათელს,― შენთან ვინახავთ! დროშა ხარ სისხლში ამოვლებული, უღელდებული ხალხის იმედად, ხმალი ხარ მტრის წინ ამოღებული, შარავანდედი შენ ხარ ივერთა! 2 მდინარეებზე ბაბილონისა ცრემლით სტიროდა შენი თაობა, წყუროდა შუქი ალიონისა, სძულდა ცხოვრება მდგარი ჭაობად. მდინარეებზე ახალ ქართლისა სამშობლოს სულის სიცოცხლეს ვმღერით, და წინამორბედს დიდ სიმართლისას მდუღარ ცხოვრებით გადიდებს ერი! ჩვენ გვზრდიდა შენი ნიჭის ნაშუქი, შენს სისხლის წვეთში სული ჩავაწეთ, ბაზალეთური იგი ჭაბუკი ხომ შენც გაზარდე, შენ, ჭავჭავაძემ! გონების ბნელი და სიღარიბე წყალს გავატანეთ, წელთა-მრავლობას, გახვრეტილ შუბლზე წყლულს რომ გვარიდებ და გვიფრთხილდები შთამომავლობას, ― ნუ შეგვიცოდებ, ახლოს გვაჩვენე, დაგვწვას, დაგვდაგოს, ცეცხლი შეგვინთოს! დავემხოთ მის წინ, ― რა შეგვაჩერებს ― შემდეგ აჩრდილმან შენმან შეგვინდოს!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი