0 3210

კახეთი


გინახავს გომბორის მთიდან
დანაბინდარი შვენება?
გინახავს გადაშვინდული
ცისკრული ამოთენება? -

ციაგის ციალს აჰყვება
შუქი შორეულ შუქურთა
და გამოჩნდება სამშობლო,
როგორც მოჭრილი ჩუქურთმა.

ოქრომზიური შხეფები
მწვერვალებს დაეწვეთება
და განთიადი თამარის
ნათელ ღიმილით ენთება.

ალაზნის ველი ბრწყინვალე,
ოქროს მზის ამოსახედი...
ვაზდაბურული სამშობლო,
ჩემი უკვდავი კახეთი!

ბროწეული და ატმები
შუქს უმატებენ დილასა;
სამასწლოვანი კაკლები
ისვრიან ნააჩრდილარსა.

თანცისკროვანობს ვაშლის ხე,
შუქი მტრედული მოება,
სინაზით აფეთქებულა
ნუშების გადმოთოება.

გადამარჯნული ბაღები -
ოქროში ლალით ნაღები...
ანაზებული, მცინარი,
ლაჟვარდის წმინდა მინარი.

იაგუნდების წკარუნით
მოწანწკარენი წყარონი,
ზურმუხტის ტევრის ბიბინი,
ვაზფურცლის ნიავქარობა,
დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,
წინანდლის გედის გალობა...

ნაცისარტყლევი ჩანჩქერები
ფირუზფრად ნახუჭუჭარი,
დაღისტნის მთები, გაშლილი,
ვით უკვდავების გუჯარი.

ღარზე გასული მაჭარი,
ქვევრებს რომ მოეტარება,
თითოეულ შხეფში რომ ისმის
სიცოცხლის მონექტარება.

მზის წყარო - ძუძუს წყაროში,
ლალში მარჯანის ბრწყინება,
ჩქეფა და ჩამჩქეფარება,
დინება, გარდადინება.

ასწიე, ადი, შეიტკბე
სამშობლოს დიდი შვენება...
სამშობლოვ, მხოლოდ შენი მზე,
გულს ოქროდ დამეშენება!..

შაბაშ!
იდინე,
გაბრწყინდი
გაფრქვევით, ოქროს დიელო!
დე, შენმა გამოსხივებამ
ჩემს სიყვარულში იელვოს!

შენ დამიმწიფე სიტყვები,
ვით ხეს გასული მტევნები,
შენი, შენდამი, შენს შუქთა,
შენს ციმციმთ მისადევნები!
კომენტარები (0)