მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო..
გადეყარა ნარიყალას ნაცრიანი ბური... ხაში, ხილი და თონიდან ამოყრილი პური. თაბახი და საზანდარი, მზე შინა და გარეთ - ეგებება მზეს თბილისი თავის ექვსი კარით... * მიეგებეთ, ვინც დამწვარა, როგორც საათნავა! განა გიცდის სიყვარული, ადგება და წავა! მაგრამ ისევ ილაპლაპებს მტკვარის ლურჯი გავა, ქაშუეთის ჩუქურთმები ფასკუნჯების თავად! * განა გასძლებს სიჭაბუკე, ვაი, შენი ბრალი! ხელებშუა გაქანდება, ვით ნიაღვრის წყალი, ისევ ისევ დამწიფდება ვერის ბაღში ბალი, აბანოდან ამაივლის თვალციმციმა ქალი. * განა ლექსი ლექსი არი, თუ დარჩება მუნჯი? პოეტებო, გულსაც უნდა ბერტყვა, როგორც ხურჯინს!.. ჰკივის თათრულ სიმღერებით მწველი იეთიმ-გურჯი, სწვეთს ღვინოში ჩაწობილი ფიროსმანის ფუნჯი. * მიეგებეთ ოქროს მტვერში, სიტყვა უნდა განდაგანა, ბესიკსა და საათნავას სიყვარული სწამდათ განა? ხმაში უნდა ვეფხვის ძალი, - სამაია სამთაგანა! * მაგრამ ლექსი გადურჩება იმ ძველ ნააჩრდილარს? სახედარზე წითელ ბოლოკს და ჭიანურს მტირალს, მეტივეს და თივის ურემს, წყნეთურ მაწვნის ქილას? - მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო, ამ თბილისის დილას?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი