მოგზაურობა სამშობლოში


1.წერილი კახეთიდან

შემომეფეთა ალაზნის ველი
და რომ შევხედე დანამდვილებით,
გულმა ოცნებით წაიბარბაცა...
ზევით ახმეტა, ძირს ბახტრიონი...
დამდგარან მთები, ვით მაყრიონი,
უმღერენ კახეთს ― უკვდავ პატარძალს,
და ადგილიდან ვეღარ იძვრიან
მისი სიტურფით დაბნედილები...
უცბად გადმოსკდა მთებზე მზის წყარო,
ვით საფერავის წითელი ღვარი,
შენ მომენატრე, დაუვიწყარო...
და წამოვიდა ლექსის ლიღარი...
ვით ლხინის სუფრა აუკეცელი,
ოქრონაწური შხეფებით სველი,
ისე ბრწყინავდა ალაზნის ველი...
წამით არწივმა დაჰფარა ფრთებით...
მეც ისე ვიდექ, როგორც ის მთები...

2. ანანური

უეცრად წინ გადაგვიდგა
ორ მთას შუა დამალული,
ატყორცნილი ძველ კოშკებით
ვაჟკაცური ანანური.
რას ფიქრობენ ნანგრევები,
ან რა დარჩათ სანანური? ―
სდუმს არაგვი, სდუმან მთები,
ცა ვარსკვლავით დანალული...

3. იქ, სადაც რკინის პალოთი...

სხივნაყარი ხმით ვგალობდი,
გაქანებული ვქროლავდი,
იქ, სადაც რკინის პალოთი
ვახტანგს დაება ხომალდი...
მე ვნახე: ლოდის ნატეხი,
ძველი ჩუქურთმით ქსოვილი,
ციხე-დარბაზის თაღები,
ცრემლების ნესტით სოველი.
მცხეთის, ბაგრატის კედლები,
გელათის ქვაკუთხედები.
სისხლგადასხმული კოშკები,
მრისხანე, აუხედები...
გამოშიშვლებულ აკლდამის
ძვლები ჭირნავაგლახარი,
გვერდით რო ხმლები უწყვიათ,
პირდაჟანგული ლახვარი...
ქვისაგან გამოკვეთილი
ძეგლად ნადგამი ქურანი...
მათი ნაკვეთი კლდეები
და მათი ნასადგურალი...
მე მათ დიდებას ვგალობდი,
მე მათი ფრთებით ვქროლავდი,
იქ, სადაც რკინის პალოთი
ვახტანგს დაება ხომალდი...

4. საღამო ძველ თბილისში

... და შავნი შაშვნი დააცხრნენ ბაღებს,
სადაც ცოცხლობენ ძველი ზღაპრები...
შავი ხავერდით, შავ აბრეშუმით,
მოფრიალებენ გიშრის აფრები,
იღებს თბილისი ხელში ჭიანურს,
მიზრაფს ჩამოჰკრა დამჭკნარი ხელი...
გადმოდგა მთვარე ნარიყალაზე
და მოიღერა ბესიკმა ყელი...

5. ქართლის ღამე

შავი კამეჩი შავად დამწვარი.
ურმულიანი ღამე ქართლისა...
მტკვარი, ტირიფი, ძველი ტაძარი,
ჩუმი შრიალი ეზოს ვარდისა...
წყნარად ქათქათებს ზეცა კრიალა,
უხმოდ მოსცურავს ჩქერებში ტივი...
აქ ისტორიამ გადიგრიალა
და მიწა ჩუმად ისინჯავს ტკივილს...

6. თემურის ხანძართ ნატისუსალი...

მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,
თამარის სახის დასადარელი.
მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...
ფოთლის არხევას არსად არ ელი...
უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა,
თემურის ხანძართ ნატისუსალი,
თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა
და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი