მყვირალობა
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი, ტყეები გადიყირმიზა, ენკენისთვეში მთებიდან ისმის ყვირილი ირმისა. ― რასა ჰყვირიან ირმები ყორან-მთას, ყარაიასა? სახუნდარიდან მარეკი გულში გაარტყავს ტყვიასა... ხარი ირემი ფურს ეძებს, მთაში ნასუქი ღიჭითა; ქაფსა ჰყრის გადაკაწრული ეკლებითა და ხიჭვითა. თავი ანება ცალისთვის იალაღების მწვანესა, მოამტვრევს რქების ლაწანით ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა. დაშტერებული ჯოგები მორბიან თავდაყირანი... ხარი ფურს ეძებს ღრიალით, მე - სიყვარულსა მყვირალი! გახელებული ხარი ვარ, გეშს ვიღებ ნიავქარზედა, მაჩვენეთ ჩემი ოცნება, რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა! სულ მივამტვრიო, მივლეწო, გულში რაც გადაირაზა, შევყვირებ, როგორც ირმები ჰყვირიან ყარაიასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი