მცხეთის მთებში


აქ ძველ კედლების ხმა მომესმოდა
მამათმთავრების ხმა გადასული...
აქ დედაჩემის კოჭობი სდუღდა...
აქ ხმალს ლესავდა მამა მხარგრძელი,
გუთანს უძღოდა გაღიმებული...
მათ მაგარ გულზე მე ვარ გაზრდილი,
სიტყვატკბილი და მაღალხმიანი.
აქა მღეროდნენ სტვირის მკვრელები
და მომღერლები სიყვარულისა;
მათი ფერფლიდან მე აღმოვცენდი,
ნაწოვი მათი სიმღერებითა,
ნაძვის წვერივით განათებული.
დღეს ხეობებში ჩემი ლექსი ჰქრის,
მიწით შესვრილი, ტახის ღონისა;
ასამაღლებელს ახლა მე ვიტყვი,
სათქმელს მიმინოს მოკივილითა, ―
აჰა, სამშობლოვ, სიტყვა ქართული!
არ მინდა ჩანგი მე ხელნაჭერი,
ნარტყამი ხმალი სააკაძისა;
არ მინდა სირჩა სხვისი ნასვამი,
ვარსკვლავი სხვისი შარავანდითა,
სხვის იალქანი ათრთოლებული!
მე მიპოვნია ჩემი სიმღერა,
ჩემი სიტყვები გამაპობელი, ―
სიტყვა ამტყდარი წვიმასავითა,
ცისარტყელებით ვარაყფრქვეული!
სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი,
ლოდმაგარ ქვითკირს, ― აღტაცებული...
მიყვარს სამშობლოს განთიადები,
ქართლის სიმაგრე შეუტეხელი,
მის ლამაზ მიწას ვეალერსები.
დე, ჩემი ლექსი დარჩენილიყვეს,
ვით ხმლის ნატეხი დაძველებული,
ვით წყალდიდობის ქაფი შემხმარი
დიდი მდინარის ნაპირებისა...
ვიცი, ფერფლიდან ტალღა წამოვა,
ძალა ექნება დაჯახებისა;
ვიცი, ტალღიდან წარღვნა წამოვა
და არ ექნება ბოლოკიდური.
შიგ დღევანდელი ხმა დაიძახებს,
ჩემი გულის ხმა სიცოცხლიანი...
ახალ ცხოვრების ახალი ღონით,
ახალ ქართლის მზით გაჩაღებული..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი