პოეტის შენიშვნები


კარგია, საღამოთი
გაქვს დახუჭული თვალები.
სიმშვიდის მალამოთი
ცვივა
მწუხრის ნაფერთალები.
ჩაიდე გასაღები!
როგორ მოიგდო ოთახმა
ბინდის ნაღები?
სწევხარ -
კაცი ოტროველა,
გაფხრეწავ ჯავშანს, -
როგორც თხის გუდას,
რკინას რკინაზე...
.........................
გადაიქცევი
შვიდი წლის ბავშვად,
გულში გწოვს რაღაც
იის სინაზე.
შეგეპარება
და ტვინს მობუდავს...
რძე შეფრქვეული
ბავშვობის ქარი
ოქროს არტახში
გარწევდეს, მგონი:
ჩაგშრიალებენ
ლერწმოვანები,
გულზე ავარდა
ოცნების ბოლი.

- კიდევ გაქვს გული შეღონებული,
გულსაც ხომ დათბა?
გაჩნდება მთები შეღვინებული,
შალაშინგაკრული ტბა...

II
დაგვავიწყდება
ქუჩა - საზვავე,
ქუჩა - საღვარე.
გახურია ოთახი,
როგორც ბალდახინი,
ბინდი კი მოდის ზამბახივით,
ირმის რძეებით...
მთვარის შაქარით...
შენ - დანეშტებული,
ნამუთაქარი,
ვით უნამუშავრო
მიწის ნაკვეთი,
გდიხარ...
და ოცნებას ვეღარ ელევი.
ბინდი კი მოქშუის
მწივანი გველივით,
გალესავს ფანჯრებს
და კარებს დაკეტილს,
ბეჭის ფრთებიდან
მოკიდებული
სხეული
ტკბილად ჩაგინახშირა.
...ასეა ხშირად!

III
შემოვარდება ელექტროშუქი,
ნათელი, მხიარული,
როგორც ჭაბუკი...
დაჯდება მაგიდაზე,
ხელთ აგიტაცებს,
დაგლამპრავს, დაგწვამს,
და ყოველ მხარეს
შეგიშხაპუნებს
დღევანდელ ჰაერს,
გაჰფანტავს ზამბახს
და ატავიზმსაც,
უცებ შეგრცხვება
შენი თავისა...

IV
შემოიხუვლა,
გადასწია ლექსის წერტილი.
დაჯდა, ჩაგცქერის:
შემოგაჯახა
ნაჯიხვარ მთებიდან
გამოვარდნილი ტახივით
ჩანჩქერი!
მუცლიან ღრუბლებს

ჩამოწყვეტილი...
შემოგაჩქეფა
დღევანდელი მზე,
მთებში რო ჩაეცა,
დაგცხრილა,
და გული
დაგიპო ცხრაკეცად...
ავარდი!
ფანჯარას ეცემი ქუჩისკენ, -
იქაც -
მჩქეფარე ჩანჩქერებია,
ხალხი სიცოცხლეს დასჩქარებია,
იქაც ცახცახებს
სიცოცხლის სული
და შენი ლექსიც
თვალს აბრიალებს,
სიტყვა ნიშანზედ არი მისული!

V
მგოსანო,
პირი გაქვს ოქროს მწვეთავი,
ჩანგი -
ვარდის წყალში იადონის გული!
ხალხის მელამპრევ,
რათა გაქვს ნეტავი
სკამი სულ ბუხართან დგმული...
ჯდომით გასუქდები,
ბუხარს რომ უყურო,
 „პოეტი არ ვარგა
ცხენზე მსუქანი“.
არ მოგეწყინა
მყუდრო და ფუღურო,
პატარა სიტყვის
პატარა დუქანი?
მღამიობი ხარ,
თვალგაფიცრული
ბუხართან ოცნებას იგონებ?
თქვი, ჭკვაგარკვევით,
დღევანდელ მზეს უმზერ,
თუ
ვარსკვლავებზე
დამდნარ ლითონებს?
იცი, რომ
თოვლში დამწყვდეულ ყანასებრ
შენც დამწყვდეული
გექნება გული,
თუკი, -
მგოსანო, ხალხის მელამპრევ,
ბუხართან სკამი გექნება დგმული?
ბუხარმა იცის:
დარდი რტოებად,
დამბლა,
ფილენჯი,
ნეკრესის ქარი,
იცის ლექსების გატოროლება,
ცრემლის მაწონი
და ნალექარი...
ბუხარი ხოხბის საბუდარია,
შენ -
უნდა ქარიშხალს
გული ახალო.
ლექსგანაკრავი
თუ ჩამოვარდები
სისხლი გაცხობილი
დაახმეს ახალუხს!
ერიდე ბუხარს -
ანთებულ კუბოს,
არ დაახანო!

VI
მოკვდა ოთახი!
გვამი გაჭიმა
კელაპტარიდან - კელაპტარამდე.
გაციებულან
ტკბილი ბუხრები,
 სადაც გაძარცულ სულს
აფარებდენ...
არ გვყავს ოთახი,
არც გვეყოლება,
ჩალეწილია
ყველა ნიშნებით,
ვაი, ოთახი, ოთახიანი, -
ბაღლინჯოებით,
ყურთბალიშებით!
ვაი, ოთახი,
ხალიჩის შუქით,
სახლის მერცხალი
და ხეივანი...
გოგირდის ბუქით
შიგ დაჭიხვინებს
ქარი მხვივანი...
.......................
მგოსანო, შესდექ,
საითღა ილტვი?
ოთახს ხანძარი გადაებურა,
ამოჭვარტლულა
ბულბულის ფილტვი,
შროშნის გალობა
გათავებულა!

VII
მგოსანო,
ლექსის მერძეულო,
სიტყვის მეკალმახევ,
რამდენი გუგუნი,
რამდენი სიმღერა
უდროოდ დამარხე?
მრავალი ლექსი
კალამს მოეჭრა
და სიმღერებშიც
ბევრი იოფლე.
საზანდარს
არ ჰქონდა
მაზანდა,
ტიროდა სიობლეს.
საზანდარს
გულშიგნით
ჰქონდა ჭრილობა,
დაშინებული
ლექსის სახსარი.
ლექსთაშენის რაშს
დაგიწუნეს დახედნილობა,
როდესაც სიტყვა
სათქმელად აღძარი...
გითხრეს,
გქონია ვადა გასული,
დაფესვებულა
შენი წარსული,
მოგიწოვია ძველი ჯიქანი.
წარსულში დგეხარ
სიგრძე-სიგანით
და ხელუხლებლად,
დატვირთული ხარ
ძველ სიმღერებით,
როგორც ხე
მუმლით შეიხურხლება.
ჩამოიბღერტე
მუმლი და ყარტლი,
თორემ გახმები,
გელის გაქრობა!
ახალ ცხოვრების
ახალი მადლით
ასწიე ლექსის მოქალაქობა!

VIII
კალამში დარდი შემოპარულა
და ხშირად
კალამს წვეთი არა სდის.
დაგამტრევ, კალამო,
თუ არ დასველდები,
ყვავივით დადიხარ
მეორე პწკარამდის.
ომში დამდგარი ცხენისთვის
მხედარს
შუბი დაუცია
მუცელში ტარამდის.
ასე უთხარით, პოეტო, კალამს,
თუ ფალავნობა შენი
დაზოგოს,
მელანის ბელტი
სიმს მოგირკალავს,
დაემსგავსები
ბებერა სოკოს.
ყელმოტეხილად მღერა
ძნელია,
უწამლავია ლექსების ჭვალი,
თუ გსურს ნიშანზე
მივიდეს სიტყვა,
მზეს გაუსწორე
დღევანდელს თვალი!
და თუ ცხოვრება ღონიერია,
მაჯაშიც მისი გექნება ღონე,
ნუ გამაგონებ
დაცემის ხმაურს,
გაჭენებულის ხმა
გამაგონე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი