პოეტს 1


ის ცრემლი, ხალხმა რო დააგუბა,
ის ჭდევა, ენით არ ითქმებოდა,
ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,
ვიდრე საფლავთან დაიდგმებოდა.
ასეთი იყო ზარი, ჭიდილი,
თითქოს მარხავდნენ მზეს და მთოვარეს,
მაინც არ დასთმეს... მგოსნის სიკვდილი
სიცოცხლედ იქვე ააფრთოვანეს.
ასწიეს დროშა და წაიმძღვარეს,
როგორც უკვდავი ხალხის მშვენება,
და მით უძლებდნენ ჭირს, მტრის სიმძლავრეს,
სიკვდილს, დაცემას, გადაშენებას!
ეს თქმულებაა დაუსტამბავი,
თუ ვით ადიდა ხალხმა გენია,
ეს გაიხსენე, ძველი ამბავი,
რაც გულს ხალხისას დაუდგენია.
დასძარი შენი ლექსის ხანძარი
და სხვა დიდებას ნურას დაეძებ;
ოღონდაც ერთი ცრემლის მარცვალი
ხალხის გულიდან შენს გულს დაეცეს!
ის წმინდა ცრემლი ფერშეუცვლელი
ამოაცენებს ხეს რტომრავალსა;
ის ხე დაჰბურავს ვარდის ფურცლებით
და უკვდავ სუნთქვით შენს მომავალსა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი