საათნავა
ეს საწყალი საათნავა სიყვარულმა გაათავა! უძილოდ ღამეს ათევდა, „ვით ვარსკვლავი მთვარისათვინ, - ზარუ - ზარბაბ - ზარისათვინ“. მისხალივით გული სტკივა, მისი სიტყვა ცაში მივა: „არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს, რომელ ერთხელ გენაცვალო. განა რამდენი თავი მაქვს?“ * ხეივანში ჩადგა მთვარე, აივანზე ოხრავს ქალი, ტირის თარი დამარხული, მიზრაფს სცვივა ნაპერწკალი. - რად აღსდეგი, რად მეძახდი, რა ოცნებას მიპირებდი? თარი ტირის... რად უნდოდა, ჩვენ ისედაც ვიტირებდით... * შენ იტირებ, არ მოკვდები, შენ იმღერებ დღე ათასი. ქუჩებშია ჩირაღდანი, აბრეშუმის ფიანდაზი. შენი თარი - შავარდენი არის ოქროს ავჟანდითა, ცხრა კუბოში რომ იძინო, გასძლებ ლექსის მჟავბადითა! გასძლებ, ვიდრე შემოგცინის, ხმა ვისთვის არ დაგეღალა, - პირლამაზი მეზობელი, შავგვრემანი, ყელმაღალა... ვაი, სიმღერა არის ორი: ამღერებენ ერთზე ლერწამს, მეორე კი სისხლში დადის, გრიგალივით ყელს მილეწავს. ორი უნდა საქროლავიც, როგორც ორი ბოლო - მერცხალს, ლექსი ვარდებს მოყოლილი, გულს რომ სისხლით გაგირეცხავს. სიმღერებიც არ იქნება, თუ არ ცრემლის შარბათითა; ცხრა კუბოში რომ იძინო, გასძლებ ლექსის მჟავბადითა. შე საწყალო ფეიქარო, ხმადამთვრალო საათნავა, ჭიანურო, ცეცხლის მყრელო, რა ნაღველმა გაგათავა?! დღეს თბილისის მოედანზე მე ვარ ლექსის ქანდირბაზი; სამქებაროდ ჩახჩახებენ - ჩირაღდანი, ფიანდაზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი