საქართველოში
ორი სონეტი საქართველოს I ერთხელ გამკობდა მეუფე და ბედის მჭედელი, რაინდ-მებაღეს გამშვენებდა ოქრო რჩეული, სისხლით შეჰღებე შენი სტავრა და ფარჩეული, ცრემლი გდენია სევდის ჯამში დაუწყვედელი... მზესთან აჰზიდე მარმარილოს ტაძრის კედელი. მარტო დასდექი სილამაზის წმინდა მკობელი; წარსთქვი ლოცვები სხვებისათვის მიუთხრობელი და შემოივლე ცეცხლის ალი დაუშრეტელი... ჩაჩქან მუზარადს დასჩნევია ჟანგი ჟამისა, თეთრი გვირგვინი უცხოელმა შეგიღამისა - საკურთხეველსაც შემოსძარცვა მან მეწამული... ზღვად ობოლს ხომალდს მივამსგავსე ჩემი მამული; როგორ მაჟღერებს საქართველოს ნაზი ნაღველი; ო, ჩანგის ნაცვლად მეპყრას შუბი პირ-გამახული!.. საქართველოში II ლურჯ ღრუბელივით დამადარდე შენი მხედარი. როს შენს კალთაში დავინახე მჭკნარი მანდარი - შეშლილ ქალივით აგვატირებს ჩვენ საზანდარი - ორივ ჩვენივე უმზეობის მოწამედ არი... მე ღრუბლებში ვთვლემ - ელვასავით შესახედარი: წუთს ველოდები - როს აგვირგვინდეს ჩემი ძახილი, შურის ძიებამ გაამტვეროს მტრის მურდახილი, ოქროს ზარნიშით მოგვიქსოვოს დილა ნეტარი... ამღერდა სისხლი... და დაათრო სული და გული, თუ მზე მომპარეთ - გამინათებს ბნელში ფრანგული, წკრიალა ხანჯლებს გვიელვარებს შოთას ოცნება... არწივის ფრთებით დამიბრუნეთ გვირგვინოსნება! მინდა ბისონზედ აციგლიგდეს ალმასის ღილი. და ჩემს გუმბათებს შეეფინოს სხივთა ჟინჟღილი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი