სიჭაბუკე და ლექსი ერთია
მხოლოდ შენ გეტყვის შენი ქვეყანა, ბევრი იცხოვრე დღეის-ხვალობით: ― სტვირს გიკრავდი და არა როკავდი, გიგალობდი და არა გალობდი! შენი დრო იყო სიჭაბუკისა, ვერ აიყარა შენი ყვავილი; სიჭაბუკე და ლექსი ერთია, ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი. ვინ დაგაყარა გულზე ქვიშანი, არ ამოვიდეს ლექსის ბალახი? ახალგაზრდობა ― შენი ნიშანი, თავზე გადგია, ვით ჩაბალახი. ულამაზესი მხოლოდ ის არის, ვინც ავსებულა თავის დროს ძალით ― ადიდებული, დამწიფებული, ყანა, მდინარე, ვენახი, ქალი. დღეევანდელი დღის პასუხ-მგებელო, ჩაასვი სიტყვა ― ტყვია ტყვიაში! მიწას არ ახსოვს, იყოს პოეტი გამომწყვდეული კუბოს წყვდიადში. და რაც კი სუნთქავს დიდ ქვეყანაზე, რაც სიცოცხლეთი არი ცხოველი: მიწა, ფოთოლი, ღრუბლის ნაგლეჯი ― შენი სიტყვების ღიმილს მოელის. შენ გელოდება დასასტამბავად ათი ათასი ჩანჩქრის ბღავილი; სიჭაბუკე და ლექსი ერთია ― ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი